ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 10 იანვარი

დანიური გვირგვინი

საახალწლო მიმართვაში, დანიის დედოფალმა მარგრეტე II-მ სამეფო ტახტიცა და გვირგვინიც თავის შვილს, ფრედერიკ X-ს გადაულოცა. „ასაკს თავისი მოაქვს და სნეულებებიც მხოლოდ მემატება. ის, რაც ადრე შემეძლო, ეხლა ნამდვილად აღარ ძალმიძსო“ – უთქვამს დანიის დედოფალს და სამეფო რეგალიების შვილისთვის გადაბარების თარიღად 14 იანვარი გამოუცხადებია. 83 წლის დედოფალი მარგრეტე დანიის სამეფო ტახტზე 1972 წელს ავიდა და მას შემდეგ, 52 წელი ერთგულად ემსახურა სამეფოს ინტერესებს. მისი გარე ბიძაშვილის, ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ, დედოფალი მარგრეტე ევროპის ყველაზე მზეგრძელ მონარქად ითვლებოდა.


კარტოფილის გარანტიები

ახალი წლის პირველივე დღეებში, ბელარუსის თავკაცმა საკანონმდებლო ცვლილებებს მოაწერა ხელი, რომლითაც საკუთარ თავსა და ოჯახს სამუდამო სამართლებრივი ხელშეუხებლობის გარანტიები დაუკანონა. ამავე საკანონმდებლო ცვლილებებით, პრეზიდენტობის შემდეგ, ულვაშა დიქტატორი შეინარჩუნებს სახელმწიფო რეზიდენციასა და პრეზიდენტის სახელფასო ანაზრაურებას, ასევე ისარგებლებს საპრეზიდენტო კავშირგაბმულობითა და ჯანდაცვის მომსახურებით. თუმცა, ლუკაშენკამაც კარგად უწყის, რომ ამ ხელშეუხებლობის გარანტიებს ერთი კილოგრამი ბელარუსული კარტოფილის ფასიც არ ექნება, თუ ერთ მშვენიერ დღეს, ბელარუსის ხელისუფლებაში ხალხის მიერ არჩეული დემოკრატიული ძალები მოვიდნენ. ამიტომ, ლუკაშენკა, თავის უფროს პარტნიორ პუტინთან ერთად, ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ძალაუფლება შიდა წრის, “სანდო და საიმედო ხალხს” გადააბაროს.  


შარლ მიშელის ფიქრები – “(ევრო)დეპუტატი ვიქნები”

ახალი წლის პირველივე დღეებში ცნობილი გახდა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და თუ აირჩიეს, უკვე ივლისში, მას თავისი მაღალი ევროპული თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვება მოუწევს. ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისს არის ჩანიშნული და პატივცემული მიშელი ლიბერალური განწყობების “რეფორმისტული  მოძრაობიდან” იყრის კენჭს. ჯერჯერობით უცნობია ვინ შეცვლის ბელგიელ პოლიტიკოსს ამ თანამდებობაზე, მაგრამ თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახალ კანდიდატზე დროულად ვერ შეთანხმდნენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოვალებების შესრულება ვიქტორ ორბანს მოუწევს, რადგან ევროკავშირის მცოცავი თავმჯდომარეობა ივლისში უნგრეთს უწევს.


მარიო დრაგის აჩრდილი

ამასობაში, “Financial Times”-მა გამოარკვია, რომ შარლ მიშელის გადადგომის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობა შესაძლოა იტალიის ყოფილ პრემიერს, მარიო დრაგის შესთავაზონ. 76 წლის დრაგი მრავალ პოლიტიკურ ბრძოლაში გამობრძმედილი ეკონომისტია და იტალიის პრემიერობის გარდა, ის ევროპის ცენტრალურ ბანკსაც ხელმძღვანელობდა. ბრიუსელში ამბობენ, განსაცდელის ჟამს ევროს ვალუტა სწორედ მისმა სწორმა ხედვამ და ზუსტმა მოქმედებებმა გადაარჩინაო. თანაც ლიდერებს შორის მომლაპარაკებლის როლიც არაა მისთვის უჩვეულო. დრაგის გარდა, მიშელის შემცვლელად ასევე განიხილებიან ესპანეთისა და დანიის პრემიერები, პედრო სანჩესი და მეტე ფრედერიკსენი. როგორც ჩანს, ევროპელი პოლიტიკოსები დაფაცურდნენ და ხელებდაკაპიწებულებმა დაიწყეს შარლ მიშელის შემცვლელის მოძიება – ემანდ მართლა ორბანმა არ ჩაიგდოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტობა ხელშიო.


გალების ახალი პრემიერი

საფრანგეთის თავკაცმა ემანუელ მაკრონმა პრემიერს, ელიზაბეტ ბორნს გადადგომა სთხოვა და მიიღო კიდეც. მაკრონმა თავისი საპრეზიდენტო ვადის მომავალი ხუთწლედის პირველ პრემიერად 34 წლის გაბრიელ ატალი წარადგინა. ატალი, რომელიც აქამდე ფრანგთა მთავრობაში განათლების მინისტრის პოსტს იკავებდა, საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის ყველაზე ახალგაზრდა. საზოგადოებასთან ურთიერთობები ატალის ძლიერ მხარედ ითვლება და ის კოვიდ პენდემიის პერიოდში საფრანგეთის მთავრობის სპიკერიც გახლდათ. ატალის  პოლიტიკური აღმასვლა სოციალისტურ პარტიაში დაიწყო. მაკრონის მიერ ახალი პარტიის შექმნის დღიდან კი, ატალი მასთან გადაბარგდა. ახალი პრემიერი, მაკრონის წინა პრემიერებისგან განსხვავებით, მაღალი ცნობადობითაც გამოირჩევა და რეიტინგულობითაც. ბოლო კვლევებით, ატალის მიმართ საზოგადოების კეთილგანწყობა 40%-ს აღწევს, მაშინ როცა მისი მენტორის, მაკრონის რეიტინგი 27%-ზეა. თუმცა, მმართველი კოალიციის მძიმეწონოსნებმა ერთი დღეც არ გაახარეს ატალი და პრესას უთხრეს, ნამეტანი ახალგაზრდაა და უჩვენოდ გაუჭირდებაო. რაღაც უცნაურად, გერმანიის კანცლერის პრესმდივანმაც განაცხადა, ატალის დანიშვნა “ჩვენთვის მოულოდნელობა იყოო.”


კოსოვოს პასპორტები

ესპანეთი კოსოვოს პასპორტის აღირებას დათანხმდა, თუმცა იქვე განმარტა – ეს კოსოვოს აღიარებას სულაც არ ნიშნავსო. კოსოვოს დამოუკიდებლობას ევროკავშირის ხუთი სახელმწიფო არ აღიარებს და მათ შორის, ესპანეთი იყო შემორჩენილი, რომელიც კოსოვოს პასპორტს ბოლომდე იწუნებდა. ესპანეთის გარდა, კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს სლოვაკეთი, რუმინეთი, კვიპროსი და საბერძნეთი, თუმცა ეს ქვეყნები კოსოვოს პასპორტებით ევროკავშირსა და შენგენის ზონაში მგზავრობის საკითხს, ესპანეთამდე დათანხმდნენ. აწი, ევროკავშირი-კოსოვოს გამარტივებული სავიზო რეჟიმის ფარგლებში, კოსოვოს პასპორტებით, თავისუფლად შესაძლებელი იქნება უვიზო მგზავრობა, როგორც ევროკავშირში, ისე შენგენის ზონაში.


კიმის რაკეტები უკრაინაში

ახალი წლის დღეებში რუსეთმა არაერთი მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინაზე, რა დროსაც ათეულობით მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა. უკრაინამ რუსულ დაბომბვებს უფრო მოკრძალებულად, მაგრამ იგივეთი უპასუხა – სადღესასწაულო მსხვერპლი იგემა რუსეთმაც. ვაშინგტონში კარგად ინფორმირებული და დაკვირვებული ხალხი ამბობს – რუსეთმა 30 დეკემბერსა და 2 იანვარს უკრაინის მასირებული სარაკეტო დაბომბვებისას, ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული ბალისტიკური რაკეტები გამოიყენაო. ეს ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც დაადასტურეს. კორეული რაკეტების გარდა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აქტიურად იყენებს ირანული წარმოების “შაჰედის” შემტევ დრონებსაც, რომლებსაც, როგორც წესი რაკეტებთან ერთად აფრენს ხოლმე უკრაინის მიმართულებით.  

მსგავსი/Related

Back to top button