ახალი ამბები

პაპუაშვილი: ჩვენი ამოცანა არაა, ნებისმიერ ფასად წავიწიოთ წინ ევროკავშირის გზაზე

„უცხოული აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების კომენტირებისას, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ „ჩვენ გვინდა ევროკავშირში მშვიდად შევიდეთ, გვინდა შევიდეთ სტაბილურად და არა დანგრეული ქვეყნით“.

„ჩვენთვის ხომ არ არის [ამოცანა], რომ ნებისმიერ ფასად წავიწიოთ წინ ევროკავშირის გზაზე. ჩვენი ამოცანა, ქართველი ხალხის მიზანი არის, რომ ჩვენ ევროკავშირში წინ ისე წავიწიოთ, ჩვენ თვითონ არ დავზიანდეთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ონლაინ გამოცემის კითხვას უპასუხა, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ქართული ოცნება“ იმაზე, რომ „რუსული კანონის“ დაბრუნების შემდეგ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები შესაძლოა გართულდეს და ქვეყანასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ დაიწყოს.

თავის ვრცელ პასუხში პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა ისეთი რამ, რაც ითვლებოდა „ევროკავშირის წითელ ხაზად“, მაგრამ საქართველოს მაინც მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამ კონტექსტში მან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და უკრაინაში მებრძოლების გაგზავნაზე უარი დაასახელა („ზოგიერთი ამბობდა, რომ უკრაინაში მებრძოლების გაგზავნა იყო იმისთვის მნიშვნელოვანი, რომ წინ წავწეულიყავით ევროკავშირთან ურთიერთობაში – დაგვეზიანებინა ჩვენი თავი და ომში შევსულიყავით რუსეთთან“).

„ახლა ზოგიერთი ამბობს, რომ თურმე წინაპირობა არის, ჩვენ თვალი დავხუჭოთ იმ ფონდებზე, რომლებიც აქ ჩუმად ხარჯავენ ფულს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ, რადგან ეს აზიანებს ჩვენს ქვეყანას და ხალხს. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში არის ფონდები და დონორები, რომლებიც პირდაპირ აფინანსებენ რადიკალურ ჯგუფებს და უკანონოდ აფინანსებენ პარტიებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button