ახალი ამბები

ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად ქმედებისკენ მოუწოდებენ 

საქართველოში ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა, კარლ ჰარცელმა და კელი დეგნანმა მედიისთვის ცალ-ცალკე გაკეთებულ კომენტარებში მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის დასაცავად დებატებიდან შესაბამის ქმედებებზე გადასვლის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, რაც მოშიმშილე ექსპრეზიდენტის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში გულისხობს.

კარლ ჰარცელმა 19 ნოემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ „რაც ვნახეთ ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაშიც ევროკავშირიცაა დაინტერესებული“. მას მხედველობაში ჰქონდა ის ფაქტი, როდესაც 18 ნოემბერს საღამოს სააკაშვილმა დროებით გონება დაკარგა.

„რაც შეეხება ამჟამინდელ ვითარებას, დროა, ვიფიქროთ ჩიხიდან გამოსვლაზე და დებატებიდან შესაბამის ქმედებებზე გადასვლაზე, რათა სიტუაცია იმგვარად მოვაგვაროთ, რომ საქმემ წინ წაიწიოს ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებზე დაყრდნობით“, – განაცხადა ელჩმა ჰარცელმა.

ევროკავშირის ელჩმა მხარდაჭერა გამოუცხადა სახალხო დამცველს, რომელიც ბოლო პერიოდში მმართველი პარტიის წარმომადგენლების ინტენსიური თავდასხმების სამიზნე იმის გამო გახდა, რომ ცდილობს ექსპრეზიდენტის უფლებები და ჯანმრთელობა დაიცვას. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ „ევროკავშირი ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს სახალხო დამცველის მუშაობას, მათ შორის, იმ სამუშაოს, რომელსაც იგი სააკაშვილის მდგომარეობის მეთვალყურეობისა და მისი უფლებების დაცვის კუთხით ასრულებს“.

„იგივე შეეხება ობიექტური სამედიცინო რჩევის საჭიროების საკითხს იმისათვის, რომ ყველამ სწორად შეაფასოს მისი სიტუაცია და მისდიონ გაცემულ რეკომენდაციებს. ეს სრულიად აუცილებელია“, – განაცხადა ელჩმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფის მიერ გაცემული რკომენდაცია სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე.

თავის მხრივ, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ „როდესაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, არანაირი დებატები არ უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, გადაიდგას თუ არა ყველა შესაძლო ნაბიჯი მისთვის საჭირო მზრუნველობის აღმოსაჩენად“. „ძალიან შეშფოთებულნი ვართ მისი მდგომარეობის გამო“, – დასძინა მან.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ „დიდ ნდობას ვუცხადებთ სახალხო დამცველს და მის გუნდს, ასევე სამედიცინო ჯგუფს, რომელიც მისი ეგიდით მუშაობს“, და განაცხადა, რომ „მათი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და მას სრულფასოვანი დახმარება ესაჭიროება, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გადაუდებელი მდგომარეობა, რომელსაც, სავარაუდოდ, ექნება ადგილი, თუ არ მოხდება მისი გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში“.

„ამ საკითხს დიდ ყურადღებას აქცევენ არა მხოლოდ აშშ-ის საელჩოში, არამედ ვაშინგტონში და საქართველოს სხვა მეგობრებიც, როგორიცაა [აშშ-ის ყოფილი] ელჩი კელი, რომლებიც შეშფოთებით ადევნებენ თვალს არსებულ სიტუაციას. ამავე დროს, რთული გასაგებია, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების კვალდაკვალ, რატომ არ მიიღება ზომები, რომლებიც ასე საჭიროა საფრთხის ქვეშ მყოფი სიცოცხლის დასაცავად“, – დასძინა ელჩმა დეგნანმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button