skip to content
ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილმა დროებით გონება დაკარგა

მიხეილ სააკაშვილმა 18 ნოემბერს დროებით გონება დაკარგა და გლდანის პენიტენციურ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ინფორმაციას რეანიმატოლოგი გულიკო ქილიფთარი ადასტურებს.

ჟურნალისტებთან საუბრისას, მან განცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს მაღალი არტერიული წნევა ჰქონდა, თუმცა მდგომარეობა დასტაბილურდა და ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები და სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ დაახლოებით 18:20 სთ-ისთვის ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, ბექა ბასიალიამ ამცნო. ბასილაიას თქმით, ადვოკატებთან შეხვედრიდან გასვლისას მან გონება დაკარგა და „მოსხლეტით“ დაეცა.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, პენიტენციურმა სამსახურმა მხოლოდ ის თქვა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილური იყო და ჟურნალისტებთან კომენტარს ექიმი გააკეთებდა.

ქილიფთარი, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმია, ჟურნალისტებთან დაახლოებით 19:40 სთ-ზე გამოვიდა და აღნიშნა, რომ იგი ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა და ინციდენტისას ადგილზე შემთხვევით აღმოჩნდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ არ ყოფილიყო იგი შემთხვევით გლდანის ციხის საავადმყოფოში, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ქილიფთარმა უპასუხა – „პაციენტთან მორიგეობს ყოველდღურად რეანიმაციული ბრიგადა“, რომელიც სათანადო ზომებს მიიღებდა.

მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექსპერტთა მულტიპროფილურმა ჯგუფმა 17 ნოემბერს დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ყოფილ პრეზიდენტს „დაუყოვნებლივ“ ესაჭიროება მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა.

მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მხრიდან შესაძლო ქაოსისა და არეულობის მოწყობის მიზეზით ქართული ოცნება მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების სიახლოვეს საპროტესტო აქციები არ გაიმართება.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. მას შემდეგ იგი უკვე 49-ე დღეა შიმშილობს. ყოფილი პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში 8 ნოემბერს, მისი ნების საწინააღმდეგო გადაიყვანეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button