ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატები წარუდგინა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაეს სასამართლოში სამ ვაკანტურ ადგილზე დასამტკიცებლად თამარ ოქროპირიძის, თეა ძიმისტარაშვილისა და ნინო სანდოძის კანდიდატურები წარუდგინა.

წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთი – თამარ ოქროპირიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა, დანარჩენი ორი კი – ძიმისტარაშვილი და სანდოძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოსი.

კანდიდატების წარდგენას წინ უძღვოდა ივნისში უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე უთანხმოება, როდესაც ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებდა, მიუხედავად 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტისა, რომლის თანახმადაც, სასამართლო სისტემაში საჭირო რეფორმების გატარებამდე დანიშვნები უნდა შეჩერებულიყო.

ამის შემდეგ, ივლისში, ქართულმა ოცნებამ ცხრიდან ექვს ვაკანტურ თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები უვადოდ გაამწესა, რასაც აშშ-ისა და ევროკავშირის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მაშინ ოქროპირიძე, სანდოძე და ძიმისტარაშვილი შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდნენ, თუმცა იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარსადგენ 9 კანდიდატურაში ვერ მოხვდნენ.

კანდიდატებთან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული გასაუბრებების შეფასებისას, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ოდირი) განაცხადა, რომ „კანდიდატებთან გასაუბრებების ხანგრძლივობაში, ფორმასა და ტონში გამოვლენილი ფართო შეუსაბამობები აღძრავდა ეჭვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ თანაბარი მოპყრობის პრინციპის პატივისცემასთან დაკავშირებით, რასაც, შესაძლოა, რეალურად დაეზიანებინა ზოგიერთი კანდიდატის წარდგენის შანსები“.

პროცესი ასევე გააკრიტიკეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა, ვახუშტი მენაბდემ „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ „მნიშვნელობა არა აქვს“ პერსონალურად ვის შეარჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

„მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვერავინ მოხვდება სიაში, თუ არა კლანის მხარდაჭერა და თუ არა მისი მხრიდან ნდობა. აი ეს არის მთავარი პრობლემა“, – ხაზი გაუსვა მანვე.

„ჩვენ არსებითად რამის შეცვლის მოლოდინი არ გვაქვს, არც იმის, რომ კეთილგონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი გუნდი და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი“, – განცხადა მანვე.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა გურამ იმნაძემ „სამოქალაქო საქართველოსთან“ საუბარში ხაზი გაუსვა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებს, თუ „რამდენად უფრო ლოიალურია ესა თუ ის ადამიანი ცალკეული კონკრეტული ჯგუფის მიმართ“.

„არაერთხელ გამოჩნდა, რომ საბჭო ზუსტად იმ კანდიდატურებს წარუდგენს პარლამენტს, რომლებიც არა მაღალი პროფესიონალიზმითა და პრინციპულობით გამოირჩევა, არამედ პირიქით, ვისაც ცალკეული ჯგუფის მიმართ ლოიალურობა აქვთ“, – განაცხადა მანვე.

მისივე შეფასებით, გადაწყვეტილებებს პარლამენტიც „ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე“ იღებს. მანვე აღნიშნა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო მექანიზმის ცვლილების გარეშე სათანადო რეპუტაციის მქონე მოსამართლეების დანიშვნას, ვერცერთი კონკურსი უზრუნველყოფს. მანვე ამ კონტექსტში პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეები ოპოზიციასთან კონსენსუსის საფუძველზე დანიშვნის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

უზენაეს სასამართლოში კიდევ 2 ვაკანტური ადგილია, მათგან ერთზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გენადი მაკარიძის კანდიდატურა შეარჩია, მეორე კანდიდატის შერჩევის პროცესი კი – ჯერ არ დასრულებულა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button