skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები პარლამენტისთვის მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენას გმობენ

შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 17 ივნისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში დაგმო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის წარდგენა.

უფლებადამცველებმა ხაზი გაუსვეს, რომ „ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, 19 აპრილის შეთანხმება ცალსახად და არაორაზროვნად მიუთითებს“ სასამართლო სისტემის „ამბიციური რეფორმის აუცილებლობაზე“, რაც მათივე თქმით, იმას ნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კონკურსი უნდა შეჩერდეს.

აღნიშნეს რა, რომ „ვენეციის კომისიის დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის თავიდან დაწყების საჭიროებაზე უთითებს“, არასამთავრობოებმა განაცხადეს, რომ „იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს ფორსირებულად, რეფორმების არარსებობის პირობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საბჭოს ძველი შემადგენლობით მიიღოს“.

მათივე მტკიცებით, სასამართლოში არსებული ე.წ. „კლანი“ და იუსტიციის უმაღლესი საბჭო „ამგვარ გაბედულ ნაბიჯებს“, ხელისუფლების „უპირობო მხარდაჭერის“ გარეშე ვერ გადადგამდნენ. მათივე შეფასებით, აღნიშნული „კიდევ ერთხელ მიუთითებს პოლიტიკური ნების არარსებობაზე, სასამართლო სისტემაში განხორციელდეს თვისობრივი ცვლილებები და შესრულდეს დასავლელი პარტნიორების შუამავლობით მიღწეულ[ი] შეთანხმებ[ით] აღებული ვალდებულებები“.

აღსანიშნავია, რომ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც მოსამართლის 100-მდე ვაკანტური ადგილის შევსებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ამავე განცხადებაში არასამთავრობოებმა აღნიშნეს, რა რომ, 100-მდე დამოუკიდებელი მოსამართლის დანიშვნა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა ქვეყანაში მართლმსაჯულების ხარისხს, თუმცა ხაზი გაუსვეს, რომ არსებული ვაკანსიების უმეტესობა „როგორც წესი კლანთან დაკავშირებული პირებით ივსება“, რაც სისტემაში „ახალი, კვალიფიციური კადრების შედინებას“ შეუძლებელს ხდის.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“; „ღია საზოგადოების ფონდი“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“; „უფლებები საქართველო“; „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button