Placeholder canvas
ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნებს აკრიტიკებს

აშშ-ის საელჩომ საქართველოში 15 ივლისს განაცხადა, რომ „ფართო და ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე [უზენაეს სასამართოში მოსამართლეთა] დანიშვნის [პროცესის] არ შეჩერებას რეალური შედეგები აქვს“ და ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ 6 მოსამართლის დანიშვნა „უაღრესად გულდასაწყვეტია“.

„სამწუხაროა, რომ ამ წარდგენისა და დანიშვნის პროცესით და ინკლუზიური და ფართო სასამართლო რეფორმის განუხორციელებლობით, ვერ შესრულდა საქართველოს ლიდერების, მათ შორის, მმართველი პარტიის მიერ აღებული 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პოლიტიკურ ლიდერთა 19 აპრილის „მკაფიო შეთანხმების“ თანახმად, „უზენაეს სასამრთლოში არსებული წესებით მოსამართლეთა დანიშვნისგან“ თავი უნდა შეეკავებინათ.

აშშ-ის საელჩო სამართლის ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ „პარლამენტის ხარვეზიანმა პროცესმა ვერ უზრუნველყო ყველაზე კვალიფიციური კანდიდატების დაწინაურება, შედეგად კი, ნაკლებად კვალიფიციური კანდიდატები უვადოდ გამწესდნენ სასამართლოში“.

აშშ-ის საელჩო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის 9 ივლისის ანგარიშსაც იშველიებს, რომელშიც ნათქვამია, რომ „კანდიდატების წარდგენა განხორციელდა გარემოში, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ საზოგადოების ნდობა მწირია“ და რომ „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული შერჩევის, მოკვლევისა და ინტერვიუების პროცესი ვერ პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს“.

„აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, აუცილებელი იყო, პარლამენტს შეეჩერებინა დანიშვნის პროცესი ინკლუზიური, ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელების მიზნით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საელჩოსვე განცხადებით, „ამგვარად არ მოქცევის გადაწყვეტილება ძალიან შემაშფოთებელია და წარმოადგენს მნიშვნელოვან დაკარგულ შესაძლებლობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების კუთხით“.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების აპრილში, „ცალმხრივად“, იმ დროს მიღება, როდესაც „ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა… არ შეესაბამება [19 აპრილის] შეთანხმების შინაარსსა და სულისკვეთებას“.

საელჩოს შეფასებით, ამ ცვლილებებმა „სრულად ვერ ასახა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, მათ შორის, მთავარი რეკომენდაცია მოსამართლეთა დანიშვნების გადავადებასთან დაკავშირებით“.

დასასრულს, საელჩმო აღნიშნა, რომ „შეერთებული შტატები მზადაა გააგრძელოს პარლამენტისა და ქართველის ხალხის მხარდაჭერა საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის დამაჯერებელ ძალისხმევაში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button