ახალი ამბები

ქართული ოცნების თქმით, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნებს არ შეაჩერებს

23 ივნისს, ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, რადგანაც სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მმართველმა პარტიამ 19 აპრილის შეთანხმებამდე უკვე მიიღო.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში აპრილში ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე შეტანილი ცვლილებები ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

აღნიშნა რა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი შეფასებისთვის ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ ამ უკანანსკნელს „არცერთ პუნქტთან დაკავშირებით არავითარი შენიშვნა არ წარმოუდგენია“.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტია არ ეთანხმება „ცალკეული პოლიტიკური ძალების“ მოსაზრებას, თითქოს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. „შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება“, – დასძინა მანვე.

აღსანიშნავია, რომ 19 ივნისს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ იგი „უკიდურესად იმედგაცრუებული იყო“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა კანდკიდატების წარდგენის გამო და ხაზი გაუსვა, რომ ეს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილის მიღწეული შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. საბჭოს ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და აღნიშნეს, რომ ეს „კიდევ ერთხელ მიუთითებს პოლიტიკური ნების არარსებობაზე, სასამართლო სისტემაში განხორციელდეს თვისობრივი ცვლილებები“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button