skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები: დარღვევები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის ნებაზე და, შესაძლოა, გავლენა მოეხდინა შედეგებზე 

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შესახებ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, 17-მა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ გამოვლენილ დარღვევებს, შესაძლოა, გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მცირე სხვაობის პირობებში.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, ხაზი გაუსვეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესში სადამკვირვებლო მისიების მიერ გამოვლენილი დარღვევები „ცალსახად ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, საარჩევნო პროცესისა და შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობაზე“.

დარღვევებზე საუბრისას, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ „სამწუხაროა“, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღესთან მიმართებით „კვლავაც აქტუალურია ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, პოლიტიკურად მოტივირებული გათავისუფლებების, საჯარო მოხელეების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებისა და ზეწოლა-მუქარის ფაქტებთან დაკავშირებული პრობლემები“.

ერთობლივი განცხადების თანახმად, სახეზეა მმართველი პარტიის „გამოკვეთილი ფინანსური უპირატესობა“, რისი მიღწევაც, მათ შორის, „სავარაუდო კორუფციული სქემების“ მეშვეობით ხდება შესაძლებელი. ამას გარდა, სამართალდამცველი ორგანოები ხშირ შემთხვევაში არ რეაგირებენ კონკრეტული კანონდარღვევის ფაქტებზე. „უმრავლეს შემთხვევაში, მათ მიერ პროაქტიურად ინიცირებული გამოძიებები საარჩევნოდ მოტივირებულია და არჩევნების დღეს ამომრჩევლების ემოციებით მანიპულირებისკენ არის მიმართული“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის ცალკეულ მოხელეთა ქმედებები „საფუძვლიან კითხვებს აჩენს მათი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის თაობაზე“.

„სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტები არ არიან მიმართულნი პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნისკენ და ზღვარი მმართველ პარტიასა და მთავრობას შორის, ფაქტობრივად, წაშლილია“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ორგანიზაციების თქმით, იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის, სასამართლო, მმართველი ძალის „პოლიტიკურ კონტროლს“ ექვემდებარება, „სულ უფრო რთულდება, რომ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კანონისმიერი რეაგირება მოჰყვეს არჩევნების დროს ჩადენილ დარღვევებს და ობიექტურად განისაზღვროს საარჩევნო პროცესზე მათი გავლენის ხარისხი“.

არასამთავრობოები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ პოლიტიკური კრიზისების არცერთ ეტაპზე არ გამოხატა რეალური ნება ძალაუფლების გაზიარებასთან დაკავშირებით და ამის მაგალითად ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლა მოჰყავთ.

არასამთავრობოებმა განაცხადეს, რომ მმართველი პარტიის ლიდერების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული განცხადებები მიუთითებენ, რომ მათ არ სურთ, დაუშვან რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტის „მათი პოლიტიკური კონტროლიდან გასვლა“ და დასძინეს, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ხარისხი და შედეგები „ამ გაცხადებული მიზნის აშკარა დადასტურებაა“.

„სამწუხაროა, რომ დაბალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები საზოგადოებაში პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების მიზეზი შეიძლება გახდეს“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

„მოვუწოდებთ მმართველ პარტიას შეცვალოს არსებული პოლიტიკა და საზოგადოების დაყოფის ნაცვლად, მისი გაერთიანებისაკენ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ გარდა, განცხადებას ხელს ასევე აწერენ: „ღია საზოგადოების ფონდი“, „საქართველოს გაეროს ასოციაცია“, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „მედიის განვითარების ფონდი“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „საფარი“, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“, „მწვანე ალტერნატივა“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საზოგადოება და ბანკები“, „ცენტრი ემპათია“ და „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button