skip to content
ახალი ამბები

ბათუმისა და წალენჯიხის საკრებულოების ორმა წევრმა გახარიას პარტია დატოვეს 

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის წევრებმა – ირაკლი თავდგირიძემ და ნანა ლემონჯავამ პარტია მას შემდეგ დატოვეს, რაც ცოტა ხნის წინ, ბათუმისა და წალენჯიხის საკრებულოების წევრები გახდნენ.

პარტიას საქართველოსთვის შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს როგორც ქართული ოცნებისთვის, ისე ნაციონალური მოძრაობისთვის, რათა მათ რამდენიმე საკრებულოში, მათ შორის ბათუმსა და წალენჯიხაში, ასევე რუსთავსა და სენაკში უმრავლესობა მოიპოვონ.

პარტია საქართველოსთვის ბათუმის ოფისის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირაკლი თავდგირიძემ 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისთვის „კატეგორიულად მიუღებელია“ ნაციონალურ მოძრაობასთან ან ლელოსთან ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, „მითუმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი“.

მისი თქმით, პარტიის დატოვების შემდეგ, იგი საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებლად განაგრძობს. ამჟამად, გახარიას პარტიას ბათუმის საკრებულოში ორი წევრი დარჩა, ქართულ ოცნებას – 16, ნაციონალურ მოძრაობას – 15, ხოლო ლელოს – 1.

თუ თავდგირიძე ქართული ოცნების მხარდაჭერას გადაწყვეტს, მმართველ პარტიას საკრებულოს უმრავლესობის მოსაპოვებლად კიდევ ერთი წევრის მხარდაჭერა დასჭირდება.

წალენჯიხის საკრებულოში არჩეულმა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ნანა ლემონჯავამ 24 ოქტომბერს Facebook-ზე დაწერა, იგი დამოუკიდებელ საქმიანობას განაგრძობს. პოსტი ამჟამად წაშლილია ან საჯარო აღარ არის.

მან პარტიის წალენჯიხის ოფისი იმაში დაადანაშაულა, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობის „მიუღებელი გზა“ აირჩია. ქალაქის საკრებულოში პარტია საქართველოსთვის ამჟამად ორი არჩეული წევრი რჩება, ქართულ ოცნებას – 10, ნაციონალურ მოძრაობას – 8, ხოლო ლელოს – 1. მეორე ტურებში კანდიდატები ხუთი მაჟორიტარული ადგილისთვის იბრძოლებენ.

4 ოქტომბერს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკრებულოებში უმრავლესობების მოსაპოვებლად გახარიას პარტიასთან თანამშრომლობა გამორიცხა, თუმცა განაცხადა, რომ პარტია ცალკეულ არჩეულ წევრებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა 14 ოქტომბერს დაადასტურა, რომ მმართველ პარტიას უკვე აქვს მოლაპარაკებები პარტია საქართველოსთვის ცალკეულ წევრებთან.

გახარიას პარტიის პასუხი

ბათუმის საკრებულოში პარტია საქართველოსთვის კიდევ ერთმა წევრმა, აკაკი გვიანიძემ დღეს განაცხადა, რომ „რაც მალე გაიწმინდება ჩვენი გუნდი ადამიანებისგან, ვისთვისაც ღირსებაზე მაღლა მატერიალური კეთილდღეობა დადგება, მით უკეთესი“. მანვე აღნიშნა, რომ პარტია პოზიციის შეცვლას არ აპირებს და დასძინა, რომ ცვლილებებისთვის ბრძოლა ქართულ ოცნებასთან და ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობის გარეშე გაგრძელდება.

პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა გიგა ფარულავამ 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ ნანა ლემონჯავას ქმარს ქართულმა ოცნებამ 1 200 ლარიანი სამსახური დააწყებინა და კარგია, რომ ის აღარ იქნება პარტია საქართველოსთვის წევრი.

პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ლევან დოლიძემ ხაზი გაუსვა, რომ ქართული ოცნება არჩევნების შემდეგ ისევე აგრძელებს მოქმედებას, როგორც არჩევნებამდე. მას მხედველობაში ჰქონდა მისი პარტიის მიერ საკუთარ მხარდამჭერებზე, წევრებსა და კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ ქართული ოცნების წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button