ახალი ამბები

არასამთავრობოები საარჩევნო კამპანიისას „უარყოფითი“ რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს გმობენ 

კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის, რომელიც ათზე მეტ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, განაცხადა, რომ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კამპანიისას უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სარეკლამო მასალის გავრცელების საკითხს არეგულირებს, „ზღუდავს პოლიტიკური გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“.

საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს და კრძალავს საარჩევნო კამპანიისას პოლიტიკური სუბიექტის მიმართ „უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი“ სარეკლამო მასალის გავრცელებას.

კოალიციამ განაცხადა, რომ კანონმდებლობაში „ბუნდოვნად ფორმულირებული“ ცნების, ე.წ. „უარყოფითი დამოკიდებულების” შემოტანა საგანგაშოა და გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში არაკონსტიტუციური ჩარევის რისკს ქმნის.

კოალიციის განცხადებით, შემოთავაზებული ცვლილებები „აკისრებს მაუწყებლებს პასუხისმგებლობას პოლიტიკური რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით“. გაეროს სპეციალურ მომხსენებელსა და ვენეციის კომისიაზე დაყრდნობით, კოალიცია განმარტავს, რომ „მედია არ უნდა იყოს სამართლებრივად პასუხისმგებელი კანონთან შეუსაბამო ისეთი განცხადებისთვის, რომელიც გაკეთებულია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში“ და რომ „სანქცია მიმართული უნდა იყოს უშუალოდ დამრღვევი პირის მიმართ და გამორიცხავდეს მედიის პასუხისმგებლობას“.

„მედიასაშუალებების დასჯა, მსგავსი გამონათქვამებისთვის, ქმნის იმის რისკს, რომ მაუწყებელი თვითცენზორი გახდეს, რაც სრულად მიუღებელია საერთაშორისო სამართლისთვის“, – განაცხადა კოალიციამ და ხაზი გაუსვა საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, რაზეც პოლიტიკოსები აპელირებენ.

კოალიციამ მოუწოდა საქართველოს პარლამენტს „მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს და დაუყოვნებლივ გაიწვიოს სადავო დოკუმენტი“.

„მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ძალებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, მათ შორის, გააკრიტიკონ ოპონენტი, პოლიტიკური რეკლამის მეშვეობით“, – განაცხადა კოალიციამ.

კოალიციისვე თქმით, მოთხოვნათა დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მაუწყებელს, ისე წინასაარჩევნო რეკლამის დამკვეთს. „სააგიტაციო მასალის მოთხოვნის დარღვევით გავრცელება კი იწვევს გამავრცელებლისა და გავრცელების დამკვეთის დაჯარიმებას, თითოეულის – 2000 ლარით“, – განაცხადა კოალიციამ. ამასთან, „მკაცრი სანქცია“ ფულადი ჯარიმის სახით დამატებით საფრთხეს ქმნის კრიტიკული პოლიტიკური აქტივობისათვის, ვინაიდან „არსებობს რისკი, რომ სანქციის თავიდან არიდების მიზნით ზოგიერთმა მაუწყებელმა უარი უთხრას პოლიტიკურ პარტიას რეკლამის განთავსებაზე“.

საპარლამენტო ბიურომ 18 ოქტომბერს მხარი დაუჭირა შემოთავაზებული ცვლილებების პარლამენტში განხილვას. კანონპროექტის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გაუძღვება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტის ავტორები, ქართული ოცნების დეპუტატები კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდნენ და ამას მოახლოებული მეორე ტურებით ხსნიდნენ. თუმცა, საბოლოოდ, გადაწყდა, რომ კანონპროექტის განხილვა ჩვეულ რეჟიმში გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button