skip to content
ახალი ამბები

სამმა ოპოზიციურმა პარტიამ შემაჯამებელი წინასაარჩევნო პრესკონფერენცია გამართა

დედაქალაქის მერობის კანდიდატმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა და დროას დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ და გირჩი-მეტი თავისუფლების დამფუძნებელმა, ზურაბ ჯაფარიძემ, დღეს, მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების წინ, შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც მხოლოდ სატელევიზიო ჟურნალისტები მიიწვიეს.

დაახლოებით საათნახევრიან პრესკონფერენციაზე, ოპოზიციონერმა ლიდერებმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს და ძირითადი აქცენტი არჩევნების დღეს ამომრჩეველთა ხმების დაცვაზე გააკეთეს, 2022 წელს კოალიციური მთავრობის ფორმირების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ქვეყნის წინაშე მრავალი წლის განმავლობაში არსებული პრობლემები მიმოიხილეს.

სამმა პარტიამ ევროპულ საქართველოსთან ერთად, დედაქალაქის მასშტაბით ძალები გააერთიანეს და საკრებულოს ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატებიც წარადგინეს. ისინი 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ერთგვარ „რეფერენდუმად“ განიხილავენ, რომელმაც 2022 წელს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ბედი უნდა გადაწყვიტოს. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს მიღწული შეთანხმებით, თუკი არჩევნებში ქართული ოცნება 43%-ის მიღებას ვერ შეძლებს, მომავალ წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

ხელახალი საპარლამეტო არჩევნები და კოალიციური მთავრობა

ნიკა მელიას თქმით, „2 ოქტომბერს ქართული ოცნება მარცხდება ქართველი ხალხის მიერ“. „მომავალ წელს ინიშნება ახალი საპარალამენტო არჩევნები და ჩვენ სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ერთად ვიქნებით ხელისუფლებაში, კოალიციურ მმართველობაში“, – დასძინა მანვე.

აღნიშნა რა, რომ საქართველო უამრავი პრობლემის წინაშე დგას, მელიამ განაცხადა, რომ „სინამდვილეში, ყველაზე რთულ, კომპლექსურ პრობლემას ძალიან ხშირად აქვს მარტივი გამოსავალი“. მანვე აღნიშნულ კონტექსტში კოალიციური მმართველობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ „საზოგადოება არის მომზადებული ამ ცვლილებისთვის“.

ზურაბ ჯაფარიძის მტკიცებით, მისი ინფორმაციით, ქართული ოცნების ლიდერები დასავლელ პარტნიორებს „შიდა საუბრებში“ არწმუნებენ, რომ მიუხედავად 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლისა, 2 ოქტომბერს ხმების 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში, კვლავაც მზად არიან, რომ მომავალ წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნონ.

„ეს არ არის ოპოზიციური პარტიების აკვიატება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ შეთანხმებაში 43%-იანი ბარიერის ჩაწერას თავისი პრეისტორია ჰქონდა. კერძოდ, ქართული ოცნებიდან პარტიის წევრების, ასევე თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და პრემიერ გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ, ეს მმართველი პარტიისთვის ერთგვარი „ლეგიტიმაციის“ ტესტია.

„კოალიცია არის აუცილებელი იმისთვის, რომ დავიწყოთ ამ ქვეყნის მშენებლობა მივხედოთ გაჭირვებულ ხალხს, ახალგაზრდებს, დევნილებს, ინფრასტრუქტურას, ეკონომიკას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მოქალაქეთა ხმების დაცვა

ელენე ხოშტარიას თქმით, იმის გარანტია, რომ ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება ვერ შეძლოს, საარჩევნო უბნებზე „ბევრი ხალხის“ გამოცხადებაა მნიშვნელოვან. „არ აქვს მნიშვნელობა ვის აძლევთ ხმას“, – განაცხადა მანვე და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, გარდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა, რომლებიც არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას აკვირდებიან, წელს ხმების პარალელურ დათვლას რამდენიმე ორგანიზაცია ახორციელებს. ამასთან, მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები საარჩევნო პროცესის ეფექტიანი ზედამხედველობის მიზნით, კომისიის საკუთარ წევრებთან მჭიდრო კოორდინაციაში იქნებიან.

„ჩვენ რაც შეგვეძლო, ვეცადეთ რომ მაქსიმალურად კოორდინირებულები ვყოფილიყავით“, – თქვა მანვე და ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიცია ხმების დასაცავად წელს უფრო მომზადებულია, ვიდრე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button