skip to content
ახალი ამბები

არქიეპისკოპოსის თქმით, გახარია პატრიარქის შეცვლის გეგმას განიხილავდა 

ბოდბელმა არქიეპისკოპოსმა, იაკობ იაკობაშვილმა პარტია საქართველოსთვის ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობის დროს სასულიერო პირების ფარულ მიყურადებაზე ბრძანების გაცემასა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის შეცვლის გეგმების მომზადებაში დაადანაშაულა.

17 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას, არქიეპისკოპოსმა განაცხადა, რომ მინისტრობის დროს, გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს სასულიერო პირების მიყურადება და მათზე „კომპრომატების“ შეგროვება დაავალა. არქიეპისკოპოსის თქმით, მას ეს ინფორმაცია სწორედ იმ ხალხისგან აქვს, ვინც ეს დავალება მიიღო.

„ბრძანება მოდიოდა მისგან [გახარიასგან]. მას ვინ ავალებდა მე არ ვიცი, ჩვენი ქვეყნიდან, ალბათ, არ იყო“, – განაცხადა არქიეპისკოპოსმა და დასძინა, რომ „გახარია მოსკოვის კაცია“.

მისივე თქმით, 2018 წლის 15 იანვარს მას მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან პატრიარქის შეცვლასთან დაკავშირებით ჰქონდა საუბარი. არქიეპისკოპოსმა ასევე განაცხადა, რომ ეს ნიადაგის მოსინჯვის მცდელობა იყო, რათა გახარიას ენახა ჰყავდა თუ არა მას მხარდამჭერი წმინდა სინოდში. „ჩემი თანხმობა თუ ექნებოდა, თითქოს მაგას გაატარებდნენ [პატრიარქის გადაყენების გეგმას]“, – დასძინა მანვე.

არქიეპისკოპოსმა ასევე განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ ბოდიში უნდა მოუხადოს ერს იმის გამო, რომ გუნდში ასეთი კაცი ჰყავდა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრალდებებს პირდაპირ არ უპასუხა, თუმცა სასულიერი პირები პოლიტიკურ პროცესში ჩარევისთვის გააკრიტიკა.

გახარიამ ხელისუფლება ეკლესიის გამოყენებასა და შემდეგ მათ ზურგს უკან ამოფარებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის, ეკლესია, საკუთარ საჭიროებებს მოარგო და მათ რესურს ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს.


ათასობით სავარაუდო ფარული ჩანაწერი ინტერნეტსივრცეში 13 სექტემბერს გავრცელდა. ფაილები, ძირითადად, შეიცავს ინფორმაციას სასულიერო პირების შესახებ, თუმცა ასევე ასახავს ქართველი ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, უცხოელი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეების საუბრებს.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, გავრცელებულ ფაილებში ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც იკვეთება. კერძოდ, მისი საუბარი არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილთან, რა დროსაც მათ მომავალი პატრიარქობის ოთხ შესაძლო კანდიდატზე იმსჯელეს. არქიმანდრიტმა დაადასტურა, რომ პატრიარქი ავად იყო, მას ივანიშვილთან და მის მეუღლესთან მსგავსი შინაარსის საუბარი ნამდვილად ჰქონდა.

ამავე ფაილების თანახმად, ივანიშვილმა ერთ-ერთი დასახელებული კანდიდატი – აბრაამ გარმელია „დადებითად დაახასიათა“ და ის „განათლებულ და რეფორმატორ პიროვნებად“ მოიხსენია, რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) კი – უარყოფითად შეაფასა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button