skip to content
ახალი ამბები

ფარული ჩანაწერები: ფულის გათეთრება და მოქრთამვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მიერ

ტელეკომპანია „ფორმულამ“ სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილებიდან ნაწყვეტები გაასაჯაროვა, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს შორის შესაძლო ფულის გათეთრების, მოქრთამვისა და კორუფციის შემთხვევებს ასახავს.

სიუჟეტის თანახმად, მოქალაქემ რუსეთიდან საქართველოში 28 მლნ ევროს ეტაპობრივად გადმორიცხვაში დახმარების თხოვნით სამების არქიმანდრიტ გრიგოლ აბაშიძეს მიმართა და სანაცვლოდ, მიღებული ფულის 30%-ის განაწილებას დაჰპირდა.

ამავე სიუჟეტის თანახმად, პირველ ეტაპზე, 500 000 ევროს 10%-ი თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის მიტროპოლიტ გიორგი შალამბერიძესა და სასულიერო პირ ი. რევიშვილს ჩაერიცხებოდათ, ხოლო 20%-ს ასევე სასულიერო პირები – ი. ცეცხლაძე, გ. აბაშიძე და ს. ჯანიაშვილი გაინაწილებდნენ.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, ეს ორი უკანასკნელი ასევე მონაწილეობდა ფულის სანაცვლოდ პატიმართა შეწყალების უზრუნველყოფის სქემაში, რომლებიც ამ მიზნით სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრთან, სოზარ სუბართან, საკუთარ კავშირებს იყენებდნენ. სიუჟეტის თანახმად, სასულიერო პირებმა საკუთარი მომსახურებისთვის თითოეული პატიმრის ოჯახისგან 5 000 აშშ დოლარი მოითხოვეს.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვაზე, აბაშიძემ დაადასტურა, რომ იცნობს სოზარ სუბარს, თუმცა უარყო ინფორმაცია, რომ ვინმეს შეწყალებაზე პირადი რეკომენდაცია გასცა. მან ჩანაწერებში გაჟღერებულ ბრალდებას „სრული ჩმახი“ უწოდა.

სიუჟეტის თანახმად, აბაშიძე და ცეცხლაძე პირადი სარგებლობისთვის იყენებდნენ ეკლესიის შემოწირულების ყუთებში არსებულ თანხებს და თბილისის მასშტაბით ამ ყუთების რაოდენობის ზრდის გადაწყვეტილებაც მიიღეს.

ფარული მიყურადების ფაილებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის თანაშემწე, შორენა თეთრუაშვილიც იკვეთება, რომელმაც, სავარაუდოდ, პარტიარქისთვის მანქანის შესაძენად გამოყოფილი საპატრიარქოს ფულიდან 5 800 ევრო მიითვისა.

გარდა ამისა, მან „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილი შეიძინა მონაზვნისთვის, რომელსაც, თითქოსდა მისი და ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მიტროპოლიტის, თეოდორე ჭუაძის შესახებ კომპრომატები ჰქონდა.

ათასობით სავარაუდო ფარული ჩანაწერი ინტერნეტსივრცეში 13 სექტემბერს გავრცელდა. ფაილები, ძირითადად, შეიცავს ინფორმაციას სასულიერო პირების შესახებ, თუმცა ასევე ასახავს ქართველი ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, უცხოელი დიპლომატების და საჯარო მოხელეების საუბრებს.

სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილი დოკუმენტების საპასუხოდ, საქართველოს საპატრიარქომ 17 სექტემბერს განაცხადა, რომ გავრცელებულ ფაილებში დიდი ნაწილი „სიცრუეზეა აგებული“, ნაწილში კი – „სიცრუე და სიმართლე არის აღრეული“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button