ახალი ამბები

პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ 14 სექტემბერს განაცხადა, რომ სასულიერო პირებზე სავარაუდო თვალთვალის ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამავე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას და კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას და გავრცელებას.

„მოვუწოდებთ ყველას, ვისთანაც შესაძლოა ინახებოდეს უკანონო ჩანაწერები და მასალები, გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ. ამასთან, იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნული მასალა, მოვუწოდებთ ამჯერად მაინც ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. პროკურატურამ ასევე მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ პირადი და პერსონალური ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან.

ინტერნეტში განთავსებული დაახლოებით 3 000 დოკუმენტი, რომელიც სასულიერო პირების შესახებ კომპრომატებს შეიცავდა, მედიას ანონიმურმა პირმა 13 სექტემბერს გადასცა. ამ დროისთვის, დოკუმენტები ინტერნეტში აღარ იძებნება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პასუხი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ის მზადაა „გამოძიების ყველა ეტაპზე მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან“.

„უწყების ობიექტურ ინტერესს წარმოადგენს ჩატარდეს კომპლექსური და სრულყოფილი გამოძიება, რათა პასუხი გაეცეს ყველა კითხვას“, – აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

მან ასევე მოუწოდა მედიასა და “პოლიტიკურად დაინტერესებულ” პირებს, გამოძიების დასრულებამდე, თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რადგან „მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას, ამცირებს ნდობას სამართალდამცავი უწყებების მიმართ და უკიდურესად აზიანებს სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემას“.

რაც შეეხება თავად მასალის ავთენტურობას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button