ახალი ამბები

ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ დედაქალაქის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინა

ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ – ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, გირჩი-მეტი თავისუფლებამ და დროამ 17 აგვისტოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინეს.

დედაქალაქის 10 ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქიდან 4-ში დასახელებულ პარტიებს გირჩის კანდიდატები წარმოადგენენ, 3-3-ში კი – ევროპული საქართველო და დროა. დასახელებული კანდიდატებიდან ქალი მხოლოდ ერთია.

დედაქალაქის მასშტაბით მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატები არ ეყოლება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. პარტია მხარს დასახელებულ კანდიდატებს დაუჭერს.

ქვემოთ დედაქალაქის 10 მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატების სიაა წარმოდგენილი:

გირჩი-მეტი თავისუფლება

  • მთაწმინდა – თენგო კირთაძე;
  • საბურთალო – ბორის ყურუა;
  • დიდუბე – ნიკა მოსიაშვილი;
  • ნაძალადევი – ბადრი გრიგალაშვილი.

ევროპული საქართველო

  • ჩუღურეთი – გიორგი ნონიაშვილი;
  • ისანი – ბესო დონაძე;
  • სამგორი – დათო ჟღენტი.

დროა

  • ვაკე – ბათუ ქუთელია;
  • კრწანისი – თამაზ ახობაძე;
  • გლდანი – ელენე ხოშტარია.

ამასთან, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დედაქალაქის მერობის, ვიცე-მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის თანამდებობებზე ოთხივე პარტია მხარს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, გირჩი-მეტი თავისუფლების წევრს, ცოტნე კობერიძესა და დროას დამფუძნებელს, ელენე ხოშტარიას დაუჭერს.

პოლიტიკური ლიდერების განცხადებები

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს სწორედ დღეს დასახელებული კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა პარტიის თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ. მან ხაზი გაუსვა, რომ „საერთო“, „გადამწყვეტი ბრძოლის“ წინ „ერთმუშტად შეკვრის დრო არის“. „დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება ნაციონალური მოძრაობის არცერთი ამომრჩეველი, რომელიც ამ ყველაფერს არ და ვერ გაითვალისწინებს“, – დასძინა მანვე.

„იმისათვის, რომ ამ რეფერენდუმზე თქვენ გქონდეთ არა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის, არამედ ცუდსა და კარგს შორის, გთავაზობთ, ალბათ, ისტორიულ გადაწყვეტილებას – კოალიციურ მმართველობას“, – მიმართა მოქალაქეებს დროას დამფუძნებელმა, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობისა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ. იგი ასევე მიესალმა ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას, „დღესვე გვანახოს მაგალითი, რომ მე არ მინდა ყველაფერი ჩემთვის“.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განმარტა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები არის არა „ჩვეულებრივი“ არჩევნები, არამედ ეს „არის შანსი, რომ დავიბრუნოთ შესაძლებლობა, ვიყოთ ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა და არ დავუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ კეთილდღეობას შესწიროს ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების მომავალი“.

„2 ოქტომბერს იქნება ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციის ტესტი… თუ ქართული ოცნება დამარცხდება, რაშიც დარწმუნებული ვარ, ეს ქვეყანა გავა ხელახალ არჩევნებზე და გაუჩნდება შანსი, რომ რაღაც შეიცვალოს“, – თქვა გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.


19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე საარჩევნო კოდექსში ივნისში შეტანილი ცვლილებების თანახმად, დედაქალაქის საკრებულოს 50 წევრიდან 40-ს პროპორციული წესით აირჩევენ, 10-ს კი – მაჟორიტარული. მანამდე ეს პროპორცია 25/25-ზე იყო.

ამასთან, 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ბედი უნდა გადაწყვიტოს. იმ შემთხვევაში, თუკი ოქტომბერში ქართული ოცნება პროპორციულ ნაწილში 43%-ს ვერ მოაგროვებს, 2022 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუმცა, ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შეთანხმება ცალმხრივად დატოვა და  თქვა, რომ ის ანულირებულია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button