Placeholder canvas
ახალი ამბები

ანა დოლიძე დედაქალაქის მერობისთვის იბრძოლებს

პარტია ხალხისთვის ლიდერი და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ანა დოლიძე 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში თბილისის მერობისთვის იბრძოლებს.

14 აგვისტოს გამართულ პრეზენტაციაზე, დოლიძემ სიტყვის დასაწყისში აღნიშნა, რომ დედაქალაქში მწვანე და საჯარო სივრცეების ნაკლებობაა და რომ „ეს ქალაქი არ არის ქალაქი ხალხისთვის“.

თბილისში ქაოტურ მშენებლობებზე საუბრისას, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მწვანე თბილისის ნაცვლად „ბეტონის გეტოები“ დარჩა.

დოლიძემ პირობა დადო, რომ დაასრულებს სიძულვილს, რომელსაც ქართული ოცნებისა და მისი ოპონენტის, ნაციონალური მოძრაობის მიერ დომინირებული პოლარიზებული პოლიტიკური სისტემა ასაზრდოებს.

ანა დოლიძემ, რომელმაც იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი კორნელის სამართლის სკოლაში მიიღო, 2020 წლის მაისში საზოგადოებრივი პლატფორმა მოძრაობა „ხალხისთვის“ დააფუძნა და განმარტა, რომ მიზანი „სუფთა ხელებით“ ქვეყანაში ახალი რეალობის შექმნა იყო.

2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში იგი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს. მან პირველ რაუნდში ხმების 17.95% მიიღო და ქართული ოცნების კანდიდატის გია ვოლსკისა (42.64%) და ოპოზიციის ერთობლივი კანდიდატის, გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის (21.06%) შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა.

პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებამდე, ანა დოლიძე 2018 წლიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო. მოძრაობის ჩამოყალიბების შემდეგ, მან საბჭო დატოვა.

2016 წლის თებერვალში, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე წარადგინა, თუმცა პარლამენტმა მისი კანდიდატურა ჩააგდო, რის შემდეგაც, იგი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა.

2015-2016 წლებში დოლიძე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. უფრო ადრე, 2004-2006 წლებში, იგი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ხელმძღვანელობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button