ახალი ამბები

ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლის გამო აკრიტიკებს

„ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისაგან პატივისცემას და გვაღიზიანებს მათი მითითებები, კრიტიკა თუ გახშირებული შენიშვნები. იმისათვის, რომ პატივისცემა დავიმსახუროთ […] ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და ჩვენს სიტყვას პატივს“, განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ერთი კვირის წინ 19 აპრილის შეთანხმების დატოვების პასუხად.

გუშინ საღამოს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „პოსტფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეთი რაღაცები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა ქვეყანა დააზიანოს, გაუგებარია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წითელ ხაზებს ხელმოწერამდე ავლებენ“.  

პრეზიდენტი ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან განიხილა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების ბედი. 

ქართული ოცნების ერთ-ერთი არგუმენტის პასუხად, რომლის მიხედვითაც, შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ეს პროცესი, რომელიც დგას ამ დოკუმენტის უკან, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს“.  

მან ხაზი გაუსვა, რომ დოკუმენტმა მოლოდინები გაამართლა, ვინაიდან პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა. იგი ასევე მიესალმა შეთანხმების შესაბამისად ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებას და იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის დაწევის პირობაც შესრულდება.  

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ 19 აპრილის შეთანხმების შედეგია, რომ „გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის ყოველგვარი რესურსი და ხელის არ მოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია!“. „ამდენად, არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას“, – თქვა მან. 

მისი თქმით, ქართველი პოლიტიკოსები უნდა აფასებდნენ ევროკავშირის ჩართულობას საქართველოსა და კავკასიაში, ვინაიდან მჭიდრო თანამშრომლობა დასავლელ პარტნიორებთან საქართველოს სთავაზობს გზას, რომელიც „უალტერნატივოა“ ქვეყნის განვითარებისა და დე-ოკუპაციის მისაღწევად.  

„ამიტომ მიმაჩნია, და ვუთხარი კიდეც მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, რომ დოკუმენტის მომზადების პროცესი უაღრესად პოზიტიური გახლდათ, რამეთუ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და დღეს ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურის ჩართულობა საქართველოს პროცესებში, კავკასიასა და ზოგადად ევროკავშირის ახლო სამეზობლოში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.  

პრეზიდენტის განცხადებით, „დამოუკიდებლობა ვერ და არ უნდა ნიშნავდეს რაიმე ფორმის იზოლაციონიზმს, რამეთუ, როგორც კი მარტო რჩები, დასუსტებული, ძალაგამოცლილი, ბუნერივად ხდები იმისი სამიზნე, ვისაც მუდმივი სწრაფვა ჰქონდა და აქვს გაფართოებისა და შენი დამორჩილებისაკენ…“

პრეზიდენტი ზურაბიშვილი „თბილისი პრაიდის“ ჩაშლის შემდეგ ულტრაკონსერვატიული ჯგუფებისა და მართლმადიდებელი სამღვდელოებისეულ ანტი-ევროპულ რიტორიკასაც გამოეხმაურა და განაცხადა:

„მცდელობები, რომ დაგვაჯერონ, თითქოს ევროპა თავისუფლება, სოლიდარობა, ქრისტიანობა კი არა, არამედ გარყვნილობის გზაა, სწორედ ერთადერთი პერსპექტივისაგან ჩვენს დაშორებას ემსახურება… და კარგად გვესმის, ეს ვის ინტერესებშია“. 

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 2 ოქტომბრისთვის დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო, დაცული უნდა იყოს ყველა სუბიექტის უფლებები, რაც გამორიცხავს ძალადობას, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენას, პირადი ცხოვრების მონაცემების გამოყენებას, კონკურენტის მოღალატედ გამოცხადებას, მედიისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, ფეიქნიუსების გავრცელებასა და სხვადასხვა სახის ზეწოლას“.  

„მე, როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიულობის, სტაბილურობისა და ევროპულობის გარანტი, მოვუწოდებ მათ ჩართულობისა და აქტიურობისაკენ, ამას ელიან ჩვენი პარტნიორები და მათ ვთხოვთ მრავალრიცხოვანი სადამრკვირვებლო მისიების დანიშვნას, ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები“, – დასძინა მან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button