skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტარი: ევროკავშირს მოუწევს გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან

19 აპრილის შეთანხმებიდან ქართული ოცნების გასვლის შემდეგ „ევროკავშირს მოუწევს გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა.

ევროპარლამენტარის თქმით, ქართული ოცნების გადაწყვეტილებით „რუსეთმა ისარგებლა“ და „ნდობის დარღვევის შემდეგ“ პარტიები საქმიანობას ძველებურად ვეღარ დაუბრუნდებიან.

ევროპარლამენტარმა მედიასთან გუშინ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, მმართველი პარტიის „მოულოდნელმა“ და „საქართველოს ინტერესებისთვის დამაზიანებელმა გადაწყვეტილებამ“ იგი აიძულა, რომ საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გაეუქმებინა.

აღნიშნა რა, რომ „ეს პირველი შემთხვევა არ არის, რაც ქართული ოცნება პირობას ტეხს“, ტაუბადელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმებიდან გასვლა „გამოუსწორებლად არღვევს ნდობას და ქართულ ოცნებას არასანდო [პარტნიორად] ხდის“. ტაუბადელის განცხადებით, შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ქართული ოცნების განმატებები „არადამაჯერებელი და არასერიოზულია“ და ხაზი გაუსვა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნებით ქართულმა ოცნებამ შეთანხმება უკვე უგულებელყო.

ვიოლა ფონ კრამონმა ქართული ოცნება 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჰომოფობიური ძალადობის მიმართ დამოკიდებულების გამოც გააკრიტიკა. „ქართული ოცნების განცხადებები, რომელთაც სათანადოდ ვერ დაგმეს დაუსჯელობა ან შთააგონეს კიდეც მოძალადეები დემოკრატიის უკან დახევის ძალიან სახიფათო ნიშანია“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ მედიის დაცვა ისეთ პოლარიზებულ ქვეყანაშიც კი, როგორიც საქართველოა, „ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებაა“ და მრავალფეროვნება, რითაც ევროკავშირი ამაყობს, „ყველას და ყველაფრის – კულტურის, ტრადიციებისა და რელიგიის დაცვას გულისხმობს, მათ შორის, უმცირესობების“.

ევროკავშირი მიესალმება და პატივს სცემს საქართველოს თავისი მრავალფერონვებითა და ადამიანის ფუნდამენტური ღირებულებებით. „ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო ევროკავშირისგან კიდევ უფრო შორს არის, ვიდრე ეს სამი თვის წინ იყო“.

დასასრულს ევროპარლამენტრმა შეთანხმების ხელმოწერაზე უარისა და „არაკონსტრუქციული ქმედებების“ გამო ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც გააკრიტიკა, რამაც ქართულ ოცნებას „ხელსაყრელი საბაბი“ მისცა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button