ახალი ამბები

გიორგი გახარიამ მედიასთან კორუფციაზე, 2019 წლის ივნისის მოვლენებსა და მელიას დაკავებაზე ისაუბრა

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ახალი პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა, 31 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე მისი პრემიერობისა და შს მინისტრობის დროს წამოჭრილ სხვადასხვა სადავო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლაზე, კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასა და არაფორმალურ მმართველობაზე.

გიორგი გახარია მთავარი ქართული სატელევიზიო არხების – „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „მთავარი არხის“, „რუსთავი 2-ის“, „ფორმულას“, „ტელეკომპანია პირველის“, „პალიტრას“, „კავკასიისა“ და „ევრონიუსის“ ჟურნალისტებს შეხვდა. ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ მიწვევის მიუხედავად, პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოს ტვ-ის“ წარმომადგენლები არ მივიდნენ.

კორუფცია

მას შემდეგ, რაც ახალი პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე გიორგი გახარიამ ქვეყნის წინაშე არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კორუფცია დაასახელა, იგი კრიტიკის ობიექტი გახდა. მანამდე, გახარია მისი პრემიერ-მინისტრობის დროს, კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში დაწესებული თავდაპირველი შეზღუდვებისას სახელმწიფოს მხრიდან გაფორმებული კორუფციული ხელშეკრულებების შესახებ ბრალდებებს უარყოფდა. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მან დააზუსტა, რომ იგი არა კონკრეტულ შემთხვევებზე, არამედ, კორუფციაზე, ზოგადად, როგორც ნებისმიერი გარდამავალი დემოკრატიებისთვის დამახასიათებელ „სისტემურ პრობლემასა“ და „უზარმაზარ გამოწვევაზე“ საუბრობდა.

კორუფციულ რისკებზე საუბრისას, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ბიზნესმენ და ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, აგრეთვე ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილსა და ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებში, შესაძლოა, ამ ინსტიტუტებზე „გარკვეული ზემოქმედების ძალა“ ჰქონოდათ. „ზოგ შემთხვევაში ჰქონდათ, ზოგ შემთხვევაში არ ჰქონდათ, ამას სჭირდება კონკრეტული ფაქტები“, – დაამატა მან და ხაზი გაუსვა, რომ სადაც შესაძლებლობა ჰქონდა მსგავსი ფაქტებისთვის „კარი ყოველთვის გადაუკეტავს“.

გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ კორუფციული რისკების შემცირების მიზნით, მან პარლამენტს ანტიკორუციული საბჭოს იუსტიციის სამინისტროდან პრემიერის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში გადმოტანისთვის საკანონმდებლო ინიციატივითაც მიმართა. პარლამენტმა ინიციატივას მხარი მისი გადადგომიდან მალევე დაუჭირა.

გიორგი გახარიამ კორუფციული ხასიათის საქმეების გამოძიების მექანიზმის გაუმჯობესებისთვის ერთიანი საგამოძიებო სისტემის შექმნის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი, რაც ახლა სხვადასხვა უწყებაშია გაბნეული.

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას, სამართალდამცველების მიმართ „არანაირი უკანონო ბრძანება არ გაცემულა“ და ხაზი გაუსვა, რომ ჟურნალისტებისა და რიგითი მოქალაქეების მიმართ ძალის გადამეტებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ინდივიდუალურ პოლიციელებს ეკისრებათ. „სხვა ყველაფერი რაც ბრძანებისა და შესაბამისი განკარგულების ფარგლებში მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა“, – დაამატა მან.

„მე ხვალ რომ მოვიდე იგივე თანამდებობაზე ისევ დავიცავ სახელმწიფო ინსტიტუტს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ და ხაზი გაუსვა, რომ 20-21 ივნისის ღამეს „მოძალადე რაზმები“ პარლამენში შეჭრას ცდილობდნენ, რასაც პოლიციის სათანადო რეაგირების გარეშე, შესაძლოა, სავალალო შედეგები მოეტანა. „ტრაგიკულია როდესაც მსგავს შემთხვევებს ადამიანების დაზიანება მოჰყვება“, – დასძინა გიორგი გახარიამ.

ნიკა მელიას დაკავება

18 თებერვალს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საუბრისას, გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიზეზი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდთან არსებული უთანხმოება იყო. „რაღაც მომენტში პარტია, ჩემი, აღმასრულებელი ხელისუფლებაზე პასუხისმგებელი ადამიანის პასუხისმგებლობაში შემოიჭრა პირდაპირ“, – განაცხადა მან.

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურზე მითითებით, გიორგი გახარიამ თქვა, რომ მისი კაბინეტის ის წევრები, რომლებიც ნიკა მელიას დასაკავებლად ოპოზიციური პარტიის ოფისში სპეცოპერაციის ჩატარების მომხრენი იყვნენ, ქართული ოცნების ხელმძღვანელობის გავლენის ქვეშ იყვნენ. „ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრა იყო ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი“, – რაც „უაღრესად დიდი რისკის წინაშე“ აყენებდა როგორც სახელმწიფოს“, ისე თავად ქართულ ოცნებას.

„ქართულმა ოცნებამ ერთადერთი მიაღწია იმას, რომ, ფაქტობრივად, პარლამენტის შტურმში ორგანიზატორი [ნიკა მელია] არ იქნება სასამართლოს წინაშე წარდგენილი და მართლმსაჯულება არ აღდგება“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა, რითაც 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ ამნისტიის პუნქტზე მიუთითა.

„პოლიტიკურად მოტივირებული გახდა მელიას ქეისი და საერთაშორისო პარტნიორები ჩაერივნენ თემაში“, – თქვა გიორგი გახარიამ.

არაფორმალური მმართველობა

გიორგი გახარიამ არ უარყო ბიძინა ივანიშვილის შესაძლო არაფორმალური გავლენების შესახებ ბრალდებები. „ინსტიტუტების გაძლიერებისთვის დიდი არაფერი გაკეთებულა“, – აღნიშნა გახარიამ, რითაც მისივე თქმით, შესაძლო გავლენების „ჩანაცვლება“ გახდებოდა შესაძლებელი.

„არაფორმალური მმართველობა, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის ნაწილია“, – ხაზი გაუსვა გიორგი გახარიამ და უკრაინაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციებისთვის ნიკა მელიას ბოლო ვიზიტი გაიხსენა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button