skip to content
ახალი ამბები

ქართული ოცნებიდან დეპუტატების წასვლას მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში აფასებენ

ქართული ოცნების ხუთმა დეპუტატმა დღეს განაცხადა, რომ ისინი ქართულ ოცნებას ტოვებენ და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სამომავლო პარტიას უერთდებიან. მათივე განცხადებით, პარტიიდან წასულების რიგებშია ოცნების კიდევ ერთი წევრი მიხეილ დაუშვილიც, რომელიც კოვიდ-19-ით არის ინფიცირებული და გუნდს გამოჯანმრთელების შემდეგ შეუერთდება.

„ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლას მმართველი გუნდისა და ოპოზიციის გამოხმაურება მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო“ საკითხზე მათ შეფასებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდის გამოხმაურება

არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე: „ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და ის არათანმიმდევრული დამოკიდებულება, რომელიც გიორგი გახარიამ გამოავლინა ბოლოს რთული გადაწყვეტილების მიღების დროს და გუნდთან ურთიერთობაში, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფო ინტერესების და მიზნების ნაცვლად, რომლებიც ჩვენ ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც ერთად გვქონდა პასუხისმგებლობა აღებული არჩევნების დროს. რა თქმა უნდა, დაველოდებით, ვნახავთ, რა პოლიტიკურ პარტიას შექმნიან, რა იქნება მათი პოზიციონირება. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ამ კითხვაზე პასუხი იქნება გასაცემი. ვფიქრობ, რომ ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და მაშინ, როდესაც ის გამოწვევები არის ქვეყანაში, რაზეც თავად ისაუბრეს, გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან თავის გათავისუფლება და ამის მცდელობა, ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი. ასეთი ნაბიჯი არის გაუმართლებელი, უბრალოდ სირცხვილია… გარწმუნებთ, რომ ქართულ ოცნებას პარლამენტში ექნება ძალიან მყარი უმრავლესობა“.

შალვა პაპუაშვილი – დეპუტატი/ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი: „გამორიცხულია, რომ ქართულ ოცნებას საპარლამენტო უმრავლესობა არ ჰყავდეს. ქართული ოცნება დღეს-დღეისობით უკონკურენტო არის… საქართველოს ყველა მოქალაქე თავისუფალია, რომ იყოს პოლიტიკური ცხოვრების მონაწილე. ასევე, ეს თავად გიორგი გახარიას გადასაწყვეტია, ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გვითქვამს. მან ჯერჯერობით ზოგადი განცხადება გააკეთა. ვნახოთ, კონკრეტულად რა ნაბიჯებს [გადადგამს] პოლიტიკური კუთხით“.

ოპოზიციის გამოხმაურება

თინა ბოკუჩავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „თქვენ გახსოვთ ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საჭირო გახდებოდა, ის თავად შექმნიდა ოპოზიციას და ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ გიორგი გახარიას გამოყენებით, ის ქმნის სწორედ მისთვის ნანატრ ოპოზიციას, რაც პრინციპში დამახასიათებელია ავტოკრატული რეჟიმებისთვის… გახარია რეალურად არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რომელმაც დაინახა, რომ ღარიბაშვილი-კობახიძის ამარა ვერ დარჩებოდა მომავალი არჩევნებისთვის და, შესაბამისად, ავანსცენაზე ქართული ოცნება 2-ით შეიძლება ვთქვათ, რომ გამოიყვანა გიორგი გახარია“.

გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „[ჯერ] პასუხები გასცეს ე.წ. მათმა ლიდერმა გახარიამ უამრავ კითხვას, რომელიც მასთან არის. [ამ ადამიანებმა] დააფიქსირონ პოზიცია, [როგორც] ვადამდელ არჩევნებზე, ისე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, მერე ვნახოთ… თავისთავად ყველაფერი, რაც ამა თუ იმ ფორმით, ხელს შეუწყობს პროცესის დაჩქარებას ნორმალური ვადამდელი არჩევნების ჩატარების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის არის პოზიტიური… მე არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ ვერსიას, რომ ეს ყველაფერი არის მცდელობა „ბ გუნდის“ გაკეთების ივანიშვილის გარშემო, საფუძველი აქვს. თუ ეს ასე არ არის გვაჩვენონ თავისი მოქმედებებით… “.

სერგო ჩიხლაძე – სტრატეგია აღმაშენებელი: „მათი განცხადებებიდან გამომდინარე ისე ჩანს, რომ თითქოს რაღაც სხვა გუნდი მართავდა ამ ქვეყანას, სხვა იყო პრემიერ-მინისტრი, თვითონ არ იყვნენ ბოლო პერიოდამდე ქართული ოცნების სახეები და აღმასრულებელი პირები… აქედან გამომდინარე, ან უნდა ჩამოყალიბდნენ, რომ მათ ცუდად მართეს და თავისი თავით უკმაყოფილოები არიან, ან უნდა ჩამოყალიბდნენ, რომ ისინი ვერაფერს ვერ მართავდნენ, ოლიგარქი აკონტროლებდათ და ისინი იყვნენ მარიონეტები“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button