skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის მედიაცია: დანიელსონი კიდევ ერთხელ შეხვდა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში მედიაციის საკითხში, ქრისტიან დანიელსონი დღეს კიდევ ერთხელ, ცალ-ცალკე შეხვდა ერთი მხრივ ქართული ოცნების, მეორე მხრივ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლებს და მესამე შეხვედრაზე ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლის, გირჩის, გირჩი – მეტი თავისუფლებისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს.

მმართველ პარტიასთან დანიელსონის შეხვედრის შემდეგ, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეტალებზე საუბარი არ ისურვა, თუმცა თქვა, რომ „რასაც სამართლიანად ჩავთვლით, იმას, ბუნებრივია, ხელს მოვაწერთ. წითელი ხაზია სამართლიანობა, მეტი არაფერი“.

მოგვიანებით, დანიელსონთან შეხვედრამდე,  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ ოპოზიცია კვლავაც ითხოვს ვადამდელ არჩევნებს და ე.წ. პოლიტიკური პატიმრების ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას. „ერთადერთი შეთანხმების საგანი, რომელზეც ჩვენ  შეგვიძლია ვისაუბროთ, ესაა როგორ მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე“, განაცხადა სამადაშვილმა, რაშიც ვადამდელი არჩევნების შესახებ შესაძლო პლებისციტის გამართვაც მოიაზრა.

მმართველი პარტიის დანიელსონთან შეხვედრას ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ესწრებოდნენ. ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ბლოკიდან კი დანიელსონს ენმ-ის წევრები სალომე სამადაშვილი და აკაკი მინაშვილი, ასევე რესპუბლიკური პარტიიდან ხათუნა სამნიძე ესწრებოდნენ. შეხვედრებს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც ესწრებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button