skip to content
ახალი ამბები

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას საქართველოში აფასებენ

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა 9 მარტს განაცხადა, რომ „ბოლო დროს, ვაშინგტონში სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ქმედებებით, რომელიც ამერიკული მოთხოვნების ცალსახად შესრულებას თავს არიდებს“.

„სამოქალაქო საქართველო“ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის განსხვავებულ შეფასებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდის შეფასება

მამუკა მდინარაძე – ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე: „რატომ ხდება ისე, რომ ანტიდასავლური განწყობების შექმნის მცდელობა მაინცდამაინც ამ დროს ემთხვევა? და რატომ ხდება ისე, რომ რასაც ლაპარაკობს ნაცმოძრაობის რომელიმე ლიდერი, იმას ლაპარაკობს დღეს რუსეთის საგარეო დაზვერვა. არავინ არ იძახის დღეს ამას თანამედროვე მსოფლიოში, რომ ქართული ოცნების პოზიცია დაშორდა დასავლურ სტანდარტებს და ამერიკის შეერთებული შტატების განწყობებს. ამას ლაპარაკობენ ოკუპანტები და ამას ლაპარაკობს ნაცმოძრაობის არაერთი ლიდერი“.

ნიკოლოზ სამხარაძე – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: „რუსი ოფიციალური პირები ამ განცხადებით ცდილობენ, რომ ქართულ ამერიკულ ურთიერთობებში შეიტანონ დაძაბულობა და შეიტანონ ბზარი. ნარიშკინები, გავრილოვები და სხვა პირები, რომლებიც განცხადებებს აკეთებენ ხოლმე, ხშირ შემთხვევაში, ემთხვევა დასავლეთის გააქტიურებას საქართველოში და ძალიან ნიშანდობლივია, რომ სწორედ მაშინ ხდება ხოლმე მათი მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთება“.

ოპოზიციის შეფასება

გიორგი ბარამიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ეს ჩვენი ხალხია და ამათ ხელი არ მოკიდოთო, პირდაპირ ეუბნებიან ამერიკელებს. აი, ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენ ვცხოვრობთ. სამწუხაროდ, [ეს არის ის], რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, რომ საქართველოში არის ოლიგარქი, რომელიც პირდაპირ ახორციელებს და ასრულებს პუტინის გეგმას საქართველოში, რომ საქართველო გახდეს რუსეთის ვასალი სახელმწიფო, რუსეთზე პირდაპირ დამოკიდებული სახელმწიფო“.

გიგი უგულავა – ევროპული საქართველო: „პრაქტიკულად, მაშველი რგოლი გადმოუგდო ქართულ ოცნებას იმით, რომ მან ამხილა ვითომ ამერიკა, რომ ამერიკა, თურმე, ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. ახლა, მოდი, ვნახოთ, როგორ ერევა ამერიკა – ამერიკა სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ რეპრესიებს ნუ უწყობს საკუთარ ხალხს, რომ ადამიანების უფლებებს პატივისცემაა საჭირო, რომ შტურმით ოპოზიციის ოფისის აღება და ლიდერის დაპატიმრება არ შეიძლება და ცუდი საქციელია. ანუ, სთხოვს დემოკრატიას. ახლა, რას თხოვს რუსეთი – რუსეთი სთხოვს დამინიშნე შინაგან საქმეთა მინისტრი და ასეთი გვყავდა ჩვენ, დამინიშნე უშიშროების მინისტრი“.

გრიგოლ გეგელია – ლელო საქართველოსთვის: „ეს არის შოკისმომგვრელი განცხადება, რომელიც, ერთი მხრივ, ადასტურებს, თუ როგორ ღელავს დედა რუსეთი და „კგბ“ თავის საყვარელ პრორუს ხელისუფლებაზე და, მეორე მხრივ, განცხადება, რომელიც ძალიან ნათლად გვიდასტურებს იმას, რაც რუსეთის დაზვერვის გარეშე შესანიშნავად ვიცით და ვამბობთ ყოველდღე, რომ ეს ხელისუფლება არ არის ევრო-ატლანტიკური კურსის გამტარი ხელისუფლება. ამ ხელისუფლებამ შეიძლება, რომ სიტყვით უერთგულოს ამერიკას, ევროპას და საქართველოს პროდასავლურ კურსს, მაგრამ საქმით 8 წელია სპობს ყოველდღიურ პრაქტიკაში ყველაფერ პრო-ევროპულს და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრირების პერსპექტივას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button