Placeholder canvas
ახალი ამბები

რუსეთის საგარეო დაზვერვა: აშშ ქართული ოცნების პოზიციებს ძირს უთხრის 

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ „ბოლო დროს ვაშინგტონში სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ქმედებებით, რომელიც ამერიკული მოთხოვნების ცალსახად შესრულებას თავს არიდებს“.

9 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა აღნიშნა, რომ „საქართველოში წესრიგის დასამყარებლად, ამერიკელები სისტემური სამუშაოს განხორციელებას გეგმავენ, რათა ოპოზიციას დაუჭირონ მხარი, ხოლო „ქართული ოცნების“ პოზიციებს ძირი გამოუთხარონ“.

აღნიშნა რა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროპელ პარტნიორებსაც უბიძგებს ოპოზიციის მხარდაჭერისკენ, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ „ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლებას მიანიშნებენ, რომ თეთრი სახლის შემდგომი პოლიტიკა თბილისთან მიმართებით განპირობებული იქნება საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნით, რომ ზუსტად დაიცვას ამერიკული მითითებები“.

„საქართველოს მაგალითი მკაფიოდ აჩვენებს, რომ ცალკეული ეროვნული ელიტების სურვილი, რომ საკუთარი მიმდინარე ამოცანების გადასაწყვეტად ვაშინგტონის მფარველობა მოიპოვონ, დე ფაქტო სუვერენიტეტის, ასევე საერთაშორისო არენაზე და ქვეყნის შიგნით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობის დაკარგვას იწვევს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის სიტყვებზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ „ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროიდან, აშშ მიეჩვია საქართველოში პოლიტიკური პროცესების საკუთარი ხელით მართვას და კარნახს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ და რა პოლიტიკა უნდა გაატაროს ოპოზიციასთან მიმართებით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button