Placeholder canvas
ახალი ამბები

სამართალდამცველებმა პარლამენტის პიკეტირებისას შვიდი პირი დააკავეს

ოპოზიციის ლიდერების, მათი მხარდამჭერებისა და აქტივისტების მიერ დღეს პარლამენტის შენობის პიკეტირებისას სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შვიდივე მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პარლამენტის შენობის პიკეტირება დილით, მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის ლიდერებმა გუშინ თქვეს, რომ მიუხედავად ევროკავშირის შუამავლობით მმართველ გუნდთან მოლაპარაკებების განახლებისა, დაგეგმილი საპროტესტო ღონისძიებები კვლავ ძალაში რჩებოდა.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ „ეს არის პიკეტირება“ და არა „ბლოკირება“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტის საქმიანობისთვის „ფიზიკური ხელშეშლა არ არის ამოცანად დასახული“. ოპოზიცია, რომ სახელმწიფო ინსტიტუციების საქმიანობისთვის ხელშეშლას არ აპირებს, ეს სხვა ლიდერებმა, მათ შორის, ლელო საქართველოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემაც დაადასტურა.

პრემიერ-მინისტრის რეაქცია

დიალოგის განახლებიდან 12 საათში „არათანმიმდევრული“, „დესტრუქციული ქმედებისა“ და პარლამენტის პიკეტირებისთვის ოპოზიცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა, რომ „ანტისახელმწიფოებრივი“ ქმედებები „ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი კონკრეტული სუბიექტებისა თუ მტრული ქვეყნების ინტერესებს“ ემსახურება.

პრემიერმა ჟურნალისტებთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ მმართველი გუნდი კანონის აღსრულებაში „არ და ვერ ჩაერევა“. მანვე მელიას გათავისუფლების ერთადერთ წინაპირობად გირაოს თანხის გადახდა დაასახელა.

გუშინდელისგან განსხვავებით, დღეს პრემიერმა ხაზგასმით თქვა, რომ ოპოზიციასთან განახლებულ მოლაპარაკებებში ქართული ოცნებისთვის წითელი ხაზი „ვადამდელი არჩევნებია“ და დაამატა, რომ ამის „არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს“.

მანამდე განვითარებული მოვლენები

თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებები გუშინ, ევროკავშირის შუამავლობით განახლდა. პრეზიდენტის სასახლეში ორსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელსაც მედიაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უწევდა, მხარეება დიალოგის გაგრძელების მზაობა დააფიქსირეს.

ოპოზიცური პარტიების დიდი ნაწილი 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „გაყალბების“ გამო მის შედეგებს არ ცნობს. 150 წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს 60-დან 54 ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტს ამ დრომდე უცხადებს ბოიკოტს.

არსებული კრიზისი თებერვლის მიწურულს, პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის ხელახლა არჩევისა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. მელიას დაკავებაზე გუნდთან არსებული უთანხმოების გამო პრემიერის პოსტიდან გიორგი გახარიაც გადადგა.

ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე მისთვის დამაგრებული ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის მოხსნის გამო გირაოს გაზრდილი თანხის გადაუხდელობას ედავება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button