skip to content
ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 15 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ 13 ხმით ერთის წინააღმდეგ ნინო ქადაგიძე აირჩიეს. იგი ამ თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს.

ქადაგიძის კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა მისცა. ჯანეზაშვილმა სასამართლო სისტემაში არსებულ ე.წ. „კლანთან“ ქადაგიძის კავშირის გამო, მისი პოსტზე არჩევა გააკრიტიკა. მისი შეფასებით, საბჭოს ეს გადაწყვეტილება „წარსულში დაბრუნებაა“.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის აგვისტოში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, რომელსაც აღნიშნული თანამდებობაც ეკავა, გადადგომის შესახებ განაცხადა, რომ მიზეზად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროება დაასახელა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც სასამართლო სისტემის მთავარი მაკოორდინირებელი ორგანოა, 15 წევრისგან შედგება. საბჭოში შედიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული რვა მოსამართლე წევრი, ასევე – ექვსი არამოსამართლე წევრი, რომელთაგან ხუთს – საქართველოს პარლამენტი ირჩევს, ერთს კი – საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს.

ნინო ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად 2020 წლის 10 მარტს შეარჩია. პარლამენტმა იგი თანამდებობაზე 17 მარტს დაამტკიცა. მის ამ თანამდებობაზე წარდგენასა და გამწესებას, საბჭოს არამოსამართლე წევრების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კრიტიკა მოჰყვა.

მაშინ „სამოქალაქო საქართველოსთან“ საუბარში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აწ უკვე ყოფილმა არამოსამართლე წევრმა დოლიძემ თქვა, რომ ის ფაქტი, რომ არჩევანი შალვა თადუმაძეზე არ გაკეთდა ბოლო პერიოდში საერთაშორისო წნეხის შედეგია. თუმცა მისივე შეფასებით, პარლამენტის მიერ თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის დამტკიცების შემთხვევაში, იგი უზენაესი სასამართლოს „ფორმალური“ მმართველი იქნება და ყველა პროცესს შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს.

ნინო ქადაგიძე იმ 14 მოსამართლიდან ერთ-ერთია, რომლებიც პარლამენტმა 2019 წლის 12 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში უვადოდ გაამწესა. 1994-2000 წლებში, ნინო ქადაგიძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2000 წელს იგი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ დაინიშნა. 2002-2012 წლებში ქადაგიძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. 2013-2019 წლებში იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე იყო.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button