ახალი ამბები

არასამთავრობოები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევას ეხმიანებიან

Tags

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომელიც ორმოცზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაქიძის კანდიდატურის წარდგენას ეხმიანება და ამ პროცესს „გაუმართლებლად“ მიიჩნევს. 

13 მარტს გავრცელებულ განცხადებაში კოალიცია განმარტავს, რომ ნინო ქადაგიძე ერთ-ერთია იმ 10 პირიდან, რომელიც 2018 წლის დეკემბრის ბოლოს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს „ყოველგვარი საჯარო განხილვისა და დისკუსიის გარეშე“ წარუდგინა.

კოალიციის შეფასებით „სიაში მოხვედრილი კანდიდატები სასამართლოში მოქმედი გავლენიანი ჯგუფის ლიდერები, წევრები ან მათ მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები იყვნენ. ნინო ქადაგიძის შემთხვევაში ეს კარგად გამოჩნდა იურიდიულ კომიტეტში მისი მოსმენის დროს, სადაც მას გაუჭირდა სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ შიდა საფრთხეებზე საუბარი და ფაქტობრივად უარყო სასამართლოში გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. „კლანის” არსებობა“.

კოალიციის განმარტებითვე, ნინო ქადაგიძე „ერთ-ერთია იმ 14 პირიდან, რომელიც გასული წლის ბოლოს, უზენაეს სასამართლოში მნიშვნელოვანი ხარვეზების ფონზე დაინიშნა“. „ეს პროცესი დადებითად არ შეუფასებია არცერთ დამოუკიდებელ დამკვირვებელს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ“, – დასძენენ არასამთავრობოები.

„მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ ნინო ქადაგიძის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დახურულ კარს მიღმა გამართული კონსულტაციების საფუძველზე მიიღო. საკითხის განხილვაში ჩართულები არ ყოფილან პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები“, – ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.

არასამთავროები იმასაც დასძენენ, რომ „კანონმდებლობით, საბჭოს ამის ვალდებულება არ გააჩნია, თუმცა პროცესისასთვის მეტი ლეგიტიმაციის მისანიჭებლად“ და საკითხისადმი მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, „მიზანშეწონილი იყო შერჩევის პროცესის ღიად და ინკლუზიურად წარმართვა“.

შესაბამისად, კოალიაცია მოუწოდებს დეპუტატებს უარი თქვან წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერაზე.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 10 მარტს წარადგინა. მას საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი. პოსტზე ყოფილი გენერალური პროკურორისა და აწ უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შალვა თადუმაძის კანდიდატურაც იყო წარდგენილი.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე. სხდომაზე საკუთარი ბიულეტინი გააბათილა და შერჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო იუსიტიის საბჭოს კიდევ ერთმა არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

„სამოქალაქო საქართველოსთან“ საუბაში ანა დოლიძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის არჩევის პროცესს „ფარსი“ უწოდა და თქვა, რომ ის ფაქტი, რომ არჩევანი შალვა თავდუმაძეზე არ გაკეთდა, ბოლო პერიოდში საერთაშორისო წნეხის შედეგია. მისივე შეფასებით, პარლამენტის მიერ თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის დამტკიცების შემთხვევაში, იგი უზენაესი სასამართლოს „ფორმალური“ მმართველი იქნება და ყველა პროცესს შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის აგვისტოში ნინო გვენეტაძე, რომელსაც ეს თანამდებობა ეკავა, გადადგა და მიზეზად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროება დაასახელა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button