ახალი ამბები

გახარია ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა და 129 მლნ ევროს შეთანხმებები გააფორმა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 29-30 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. დღეს იგი ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის, კოვიდ-19-ის ზემოქმედების, ინსტიტუციური რეფორმების და უსაფრთხოების საკითხები განიხილა.

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე, პრემიერ-მინისტრმა გახარიამ 129 მილიონი ევროს ღირებულების ორ საფინანსო შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელთა მიზანიც საქართველოს კოვიდ-19-თან და ქვეყნის ეკონომიკაზე მის ზემოქმედებასთან გამკლავებაში დახმარებაა.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ევროკომისარმა ვარჰეიმ პანდემიის ფონზე გამოხატა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ და აღნიშნა, რომ ევროკავშირი „კვლავაც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შეამსუბუქოს პანდემიის ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბიზნესსაქმიანობაზე“.

ევროკომისიის ინფორმაციით, 129 მლნ ევროს ღირებულების ორი შეთანხმება პანდემიის დროს საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომელიც ორი ძირითადი მიმართულებით დახმარებას ითვალისწინებს. „ხელშეკრულება კოვიდ-19-ის მიმართ საქართველოს მედეგობისთვის“ – 75 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის საშუალებით ქვეყნის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მხარდაჭერას ითვალისწინებს, ხოლო პროგრამა „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის“ – 54 მილიონი ევროს ოდენობის გრანტებით, საქართველოს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე გახარიამ ყურადღება ევროკავშირთან სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის ფართო რეგიონში.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია ასევე შეხვდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, მარგარიტის შინასს და მასთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის, რეფორმებისა და კოვიდ-19-ის შესახებ იმსჯელა. ვიცე-პრეზიდენტმა შინასმა განაცხადა, რომ „ევროკავშირი აფასებს მის მჭიდრო ურთიერთობას საქართველოსთან, რომელიც კიდევ უფრო მჭიდრო უნდა გახდეს და გახდება კიდეც“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაც უმასპინძლა. მიშელის თქმით, მას გახარიასთან შესანიშნავი დისკუსია ჰქონდა თემაზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ასოცირების შეთანხმების შესაბამისად. მისივე განცხადებით, ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დროს საუბარი შეეხო კიბერუსაფრთხოებას. პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო რამდენჯერმე დადგა მსგავსი საფრთხეების წინაშე, ხოლო ერთ-ერთი ბოლო შეტევისას, ზიანი მიადგა საქართველოს ჯანდაცვის ინსტიტუტებს, მათ შორის, ლუგარის ლაბორატორიას. გიორგი გახარიას განცხადებით, „წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და რისკები იზრდება, ამიტომ კიბერუსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button