skip to content
ახალი ამბები

გიორგი გახარია ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 29-30 სექტემბერს პრემიერის რანგში ბრიუსელს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. დღეს დილით საქართველოს პრემიერი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა და მასთან რიგი საკითხები, მათ შორის, საქართველოს პროგრესი ნატოში ინტეგრაციის გზაზე და მომავალი თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც ალიანსის უსაფრთხოებას სხვადასხვა გზით უწყობს ხელს, მათ შორის, ქართველი სამხედროების მონაწილეობით ნატოს ავღანეთის მისიაში.

საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე საუბრისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მოკავშირეები ერთმანეთთან საჰაერო ტრანსპორტის მეტი სარადარო მონაცემების გაზიარებაზე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე ერთობლივ მუშაობასა და შავი ზღვის რეგიონში ერთობლივ სამხედრო სწავლებებზე შეთანხმდნენ.

„ჩვენ შავი ზღვის რეგიონზე, საზღვაო შესაძლებლობებზე, გაერთიანებულ სამეფოში ჩვენს საზღვაო სარდლობასთან ერთობლივ მუშაობასა და [საქართველოს] სანაპირო დაცვისთვის გაწეულ მხარდაჭერაზე, ასევე ნატოს ხომალდების საპორტო ვიზიტებზე ვისაუბრეთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ „ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება და გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები“.

სტოლტენბერგმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„მოგიწოდებთ, განაგრძოთ ყველა შესაძლებლობის სრულად გამოყენება ნატოსთან დასაახლოვებლად და მოემზადოთ წევრობისთვის. იმედი გვაქვს, რომ საქართველო უზრუნველყოფს მომდევნო თვეში დაგეგმილი არჩევნების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებას. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ასევე ნატოსთვის“, – განაცხადა მან.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ სასამართლო სისტემაში რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას და მიესალმა საქართველოს მიერ იმ რეფორმების განხორციელებას, რომელთა მიზანიც „დაზვერვის, უსაფრთხოების სამსახურებსა და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის გაძლიერებაა“. მისი თქმით, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და დემოკრატიის გაძლიერების საქმეში საქართველომ კარგ პროგრესს მიაღწია.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა გახარიამ სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელების მზადყოფნა გამოხატა. მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონში საქართველოს მნიშვნელოვანი როლიც აღინიშნა.

ხაზი გაუსვა რა ალიანსის ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობას, გახარიამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პოლიტიკური განზომილება შენარჩუნდეს. მისივე თქმით, საქართველო მზადაა კვლავაც მიიღოს მონაწილეობა ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.

ბელგიის დედაქალაქში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი. ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გახარია ასევე შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, მარგარიტის შინასს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დევიდ მარია სასოლის და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟუზებ ბორელ ფონტელესს, ასევე ევროპარლამენტარებსა და ევროკომისრებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button