skip to content
ახალი ამბები

ხანგოშვილის მკვლელობა: სლოვაკეთი სამ რუს დიპლომატს აძევებს 

სლოვაკეთი 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სამ რუს დიპლომატს გააძევებს. ინფორმაცია 10 აგვისტოს სლოვაკურმა გაზეთმა „Denník N“-მა გაავრცელა.

ამავე ინფორმაციით, სამმა რუსმა დიპლომატმა სლოვაკეთი კვირის ბოლომდე უნდა დატოვონ.

გამოცემების – „ბელინგქეთის“ (Bellingcat), „ინსაიდერისა“ (The Insider) და „შპიგელის“ (Der Spiegel) მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვადიმ კრასიკოვთან ერთად, სავარაუდოდ ჩართული იყო რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე – „რომან დავიდოვი“, რომელიც მკვლელობის წინა დღეს რუსეთიდან ევროკავშირში სანკტ-პეტერბურგში სლოვაკეთის გენერალურ საკონსულოში აიღებული ვიზით გაემგზავრა.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იურაი ტომაგამ საინფორმაციო სააგენტო „AFP“-ს განუცხადა, რომ სანკტ-პეტერბურგში სლოვაკეთის საკონსულოს მიერ გაცემული ვიზა „ბოროტად იქნა გამოყენებული, რასაც ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მძიმე დანაშაულის ჩადენა მოჰყვა“.

სლოვაკური მედია ასევე იტყობინება, რომ რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები დიპლომატიური საქმიანობის საფარქვეშ ჯაშუშობაში იყვნენ ჩართულნი. ტომაგამ ასევე განაცხადა, რომ „სლოვაკეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, მათი საქმიანობა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას ეწინააღმდეგებოდა“.

აშშ მიესალმა სლოვაკეთის გადაწყვეტილებას. „ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება სლოვაკეთის მიერ განხორციელებულ ქმედებას, რომლის მიზანიც იმ საფრთხეებისგან დაცვაა, რასაც მავნებელი უცხოელი აქტორები მის სუვერენიტეტს უქმნიან“, – დაწერა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მორგან ორტაგუსმა Twitter-ზე.

იმავდროულად, რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ რუსეთი მისი დიპლომატების გაძევების სანაცვლოდ, „საპასუხო ზომებს“ მიიღებს.

გერმანიის მთავარმა პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის მოქალაქეს ვადიმ კრასიკოვს, ბრალი ოფიციალურად 18 ივნისს წარუდგინა. გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ბრალდებაში აღნიშნულია, რომ მკვლელი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი რუსეთს ხანგოშვილის მკვლელობის გამო სანქციებით დაემუქრა.

ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ, დეკემბერში, გერმანიამ ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი იმ მოტივით გააძევა, რომ მათ გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი (იგივე თორნიკე ქავთარაშვილი) ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ჩეჩენი წარმომავლობის საქართველოს მოქალაქე გერმანიაში მას შემდეგ გაემგზავრა, რაც 2015 წელს თბილისში მკვლელობას გადაურჩა.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button