Placeholder canvas
ახალი ამბები

ელჩი დეგნანი: 8 მარტის შეთანხმების „ორივე ნაწილი“ უნდა შესრულდეს

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა 25 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შუამავლებს არ სურთ იმ დეტალებზე საუბარი, რომლის საფუძველზეც საქართველოს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ 8 მარტს შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა, მისი თქმით, ყველას სურვილია, რომ  „შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდეს“.

„უკვე ორი კენჭისყრა გვქონდა შეთანხმების იმ ნაწილზე, რომელიც ეხება საარჩევნო სისტემას მომავალი არჩევნებისათვის. ასევე უნდა შესრულდეს ერთობლივი განცხადება, რომელიც სასამართლო პროცესში პოლიტიკურ ჩარევას და შერჩევით სამართლებრივ დევნას ეხება“, – განაცხადა დეგნანმა.

მან განაცხადა, რომ აშშ-ის აზრით, „ნამდვილი მიღწევა“ იქნება, თუ საქართველო საკონსტიტუციო ცვლილებებს სრული, მრავალპარტიული მხარდაჭერით მიიღებს, რაც დემოკრატიულ პროცესში პროგრესისადმი ნამდვილი ერთგულებისა და სამართლიანი არჩევნებისთვის პირობების შექმნის მანიშნებელი იქნება.

თუმცა, აშშ-ის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის აზრით, „შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას“ ერთობლივი განცხადების შესასრულებლად. „ვიმედოვნებთ, რომ ეს ასეც მოხდება, შესრულდება შეთანხმება და მიღებულ იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

იმავდროულად, ევროპარლამენტის წევრმა, ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულება, მათ შორის „პოლიტპატიმრის“ გიორგი რურუას გათავისუფლება „მნიშვნელოვანია ნაბიჯებია“ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად და საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო მოსმენით მხარდაჭერის წინაპირობად „პოლიტპატიმრის“ გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილია, რომელიც ევროკავშირის, გერმანიის და აშშ-ის ელჩების ხელშეწყობით იქნა მიღწეული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button