ახალი ამბები

კელი დეგნანი პოლარიზაციის შემცირებაში პროგრესის ნაკლებობასა და მტკიცე პარტნიორობაზე საუბრობს

საქართველოში აშშ-ის ელჩის სტატუსით რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ბოლო ინტერვიუში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ იგი ისურვებდა „მეტ პროგრესს ქართველების მიერ ღრმა პოლარიზაციის დაძლევის ხელშეწყობაში“. ინტერვიუში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა, ხალხი მივიდეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე. დეგნანმა მონიტორინგის გრძელვადიანი მისიის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი, რადგან „მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება არასწორი რაღაცები“.

ქვემოთ მოცემული ტექსტი რადიო „თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებული  ინტერვიუს ქართულ ვერსიას ეყრდნობა.

რეფორმები და არჩევნები

ელჩმა დეგნანმა იმ დესტრუქციულ როლზე ისაუბრა, რომელიც პოლარიზაციამ ქართულ პოლიტიკაში ითამაშა და განაცხადა, რომ ეს მის ჩამოსვლამდე დაიწყო და განსაკუთრებით გამწვავდა „გავრილოვის ღამისა“ და 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგებიც ოპოზიციამ გააპროტესტა. მიესალმა რა პოლიტიკური ლიდერების „გამბედაობას“, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობით კრიზისის დასრულებაზე გაემართათ მოლაპარაკებები, მან წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შესრულდა 19 აპრილის შეთანხმება და აღნიშნა, რომ „არც ერთმა მსხვილმა პარტიამ მისდია ამ შეთანხმებას“, რამაც „პოლარიზაციას ახალი საფუძველი მისცა“.

ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმება, ისევე როგორც ევროკავშირის 12 რეკომენდაცია „გულისხმობს ერთსა და იმავე რეფორმებს, რომლებზეც საქართველო მუშაობს წლების, ათწლეულების განმავლობაში“. მან ამ პროცესის გაგრძელებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ „ევროკავშირის წევრი ქვეყნები აკვირდებიან აგრეთვე, როგორ ასრულებს საქართველო ამ რეფორმებს და შეუძლია თუ არა ქვეყანას გაერთიანება ამ რეფორმებზე სამუშაოდ“.

მან განაცხადა, რომ საქართველოს ხალხმა „გააკეთა მკაფიო არჩევანი ევროპული მომავლის სასარგებლოდ“ და რომ „თითოეული პოლიტიკური ლიდერი უნდა მუშაობდეს ამ მიზნის მისაღწევად“.

ჟურნალისტის მიერ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ელჩმა მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას, რომ „გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველჰყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი – დათვლილი“. კელი დეგნანის თქმით, აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს ამომრჩევლის განათლების კამპანიას, რომელიც ადამიანებს დაეხმარება „არა მხოლოდ იმის გაგებაში რატომ არის მათი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ იმაშიც, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებზე, როცა უბნების 90% გადადის ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე, ამომრჩეველმა იცოდეს ეს როგორ მუშაობს“.

მან ასევე ხაზი გაუსვა არჩევნებზე გრძელვადიანი დაკვირვების მნიშვნელობას და წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ეს ვერ მოხერხდა 2020 წელს Covid-19-ის პანდემიით განპირობებული შეზღუდვების გამო. ელჩმა აღნიშნა, რომ „მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება არასწორი რაღაცები, სინამდვილეში ეს თვეებით ადრე ხდება: ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა, რომ, თუკი ისე არ მისცემენ ხმას, როგორც საჭიროა, სამსახურს დაკარგავენ“. დეგნანმა დასძინა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე ადრეული მონიტორინგი იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამომრჩეველს – მოგვიანებით ჰქონდეს ნდობა შედეგის მიმართ“.

გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერება

ხაზი გაუსვა რა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელობას საქართველოს მმართველობაში, ელჩმა დეგნანმა განაცხადა: „ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ერთ-ერთი, რაზეც საქართველო მრავალი წელია მუშაობს, არის გამჭვირვალების გაზრდა, იქნება ეს პარლამენტის მუშაობის, სასამართლოსი, აღმასრულებელი ხელისუფლების“.

მან მთავრობის ანგარიშვალდებულებაში დამოუკიდებელი სტრუქტურების, მათ შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის როლს გაუსვა ხაზი. ამ კონტექსტში მან „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი გაიხსენა, რომელიც საზოგადოების პროტესტის შედეგად პარლამენტმა უკან გაიწვია და იმედი გამოთქვა, რომ „ეს თავი დაიხურა და აღარ იქნება წარმოდგენილი არანაირი მსგავსი კანონი“.

ელჩმა სასამართლო რეფორმის კუთხით მიღწეული პროგრესიც აღნიშნა და განაცხადა, რომ „მეტია გასაკეთებელი“.

პასუხი მმართველი პარტიის კრიტიკაზე

მმართველი პარტიის კრიტიკის თაობაზე დასმულ კითხვაზე, ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა: „პოლიტიკოსები ამბობენ იმას, რაც უნდა თქვან – მაშინაც კი, როცა იციან, რომ ეს არ არის სიმართლე. მე ამას პირადულად არ აღვიქვამ“. მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რას ამბობს საქართველოს ხალხი, რაც არის „ძალიან მკაფიო“. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს საქართველოსთან პარტნიორობის 30 წელი აკავშირებს.

დეგნანმა განაცხადა, რომ „არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ აშშ-სა და საქართველოს შორის ახლო, ძლიერ პარტნიორობას. ამას ისინი გარკვეული მიზეზების გამო და კერძო ინტერესებით აკეთებენ. ელჩის თქმით, ამის მიზანია არა მხოლოდ აშშ-ის დისკრედიტაცია, არამედ ნებისმიერი დამოუკიდენელი ხმის ჩახშობა, რომელიც „გამოდის საქართველოს ევროპული, დემოკრატიული მომავლის სასარგებლოდ“.

„ვთვლი, რომ საქართველოს ხალხი საკმარისად საზრიანია“ და „მიეჩვივნენ ამ სახის რუსულ და პრორუსულ დეზინფორმაციას“, – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა გაგრძელდება. „ვიდგებით საქართველოს გვერდით მანამდე, ვიდრე საქართველოს ხალხი დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის“.

სიფრთხილე ჩინეთთან ურთიერთობაში

საქართველოსა და ჩინეთს შორის ცოტა ხნის წინ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებაზე საუბრისას, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ  „საჭიროა სიფრთხილით მიდგომა ჩინეთთან პოლიტიკური ვალდებულებების აღებისას“. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და იმის უზრუნველყოფა, რომ „ნებისმიერი ხელშეკრულება თუ ვალდებულება, რომელსაც იღებ, არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში“.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ „ერთობლივი განცხადება, რომელსაც მოეწერა ხელი, საკმაოდ დატვირთულია პოლიტიკური ვალდებულებებით, რომლებიც საქართველომ აიღო“. მისივე თქმით, „არ დამინახავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საპასუხო დაპირება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ეს კი ამ ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია – სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მისი ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული – ქვეყანას, რომელთანაც ჩინეთი სულ უფრო მჭიდრო ურთიერთობას ამყარებს“.

სიფხიზლე რუსულ სანქციებთან დაკავშირებით

აშშ-ის ელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა სიფხიზლის შენარჩუნება, ვინაიდან „სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის მიზანი არის რუსეთის წვდომის შეზღუდვა იმ კომპონენტებსა და მოწყობილობებზე, რომლებიც უკრაინაში ბრძოლის ველზე გამოჩნდება ხოლმე“. მისივე თქმით, „ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ეს ომი, რუსეთისთვის იმ სახის იარაღსა და მოწყობილობებზე წვდომის შეზღუდვით, აკრძალვით, რომლებსაც იყენებს ომის გასაგრძელებლად“.

გზა ნატოს წევრობისკენ

აშშ-საქართველოს მტკიცე სამხედრო თანამშრომლობაზე საუბრისას, ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ „აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა არის იმაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, რასაც, მისივე თქმით, ადასტურებს ერთობლივი წვრთნები, ვარჯიშები, ერთობლივი სამსახური და თავგანწირვა, რაც „ამ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის ნიშანია“.

აღნიშნა რა, რომ საქართველო არის რუსეთის მეზობელი და უკვე ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ელჩმა დეგნანმა შეშფოთება გამოხატა იმის თაობაზე, რომ რუსეთი ტერიტორიების აღიარების შესახებ დისკუსიებით მანიპულირებას კვლავ ცდილობს.

უფრო ფართო მიზნებზე საუბრისას, ელჩმა დეგნანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მთავარი მიზანია ნატოს წევრობისთვის საქართველოს მომზადება. ეს სტრატეგიული ნაბიჯი გადამწყვეტია ქვეყნის თავდაცვის მექანიზმების გასაძლიერებლად და მისი სუვერენიტეტის დასაცავად.

გრძელი ინტერვიუს დასასრულს, ელჩმა განმარტა, რომ ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP) არის „გზამკვლევი“. „თუკი საქართველო შეასრულებს მძიმე სამუშაოს, რაც მოიცავს იმავე სახის პოლიტიკურ რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის წევრობისთვის, თუკი საქართველოს ლიდერებს ექნებათ საკმარისი გამბედაობა და ძალა დასხდნენ ერთად და შეასრულონ მძიმე საქმე, რომელიც გაწერილია 12 რეკომენდაციასა და წლიურ ეროვნულ პროგრამაში, რთული იქნება ევროკავშირის რომელიმე წევრისა თუ ნატოს რომელიმე მოკავშირე ქვეყნისთვის თქვას „არა“. ელჩმა იქვე დასძინა, რომ მნიშვნელოვანი საქმეა გასაკეთებელი და რომ „ახლაა პროგრესის დრო“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button