ახალი ამბებიდაწვრილებით

მმართველ პარტიას საარჩევნო ბარიერზე „დაპირების დარღვევის“ გამო აკრიტიკებენ

ოპოზიცია მმართველ პარტიას საარჩევნო ბარიერის შემცირების თაობაზე ადრინდელი დაპირების დარღვევაში ადანაშაულებს. „ქართულ ოცნება“ ამბობს, რომ არანაირი დაპირება არ მიუცია.

მომავალ ოქტომბერს, საქართველოში პირველი სრულად პროპორციული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რომლის მიზანიც პარლამენტში პლურალიზმის გაფართოებაა. თუმცა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით, ბალტიის კვლევების/გელაპის (The Gallup) მიერ ჩაატრებული კვლევის თანახმად, მხოლოდ ორი პარტია – მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გადალახავს 5%-იან ბარიერს. ოპონენტები შიშობენ, რომ ამგვარი შედეგი კიდევ უფრო გაამყარებს არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციას და ბევრ ამომრჩეველს პროცესებს მიღმა დატოვებს.

გასულ წელს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ „დეკემბერში“ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საარჩევნო ბარიერი 2%-მდე დაიწევდა. თუმცა, მალევე, მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ ასეთი რეკომენდაცია გასცა მიმდინარე წლის ნოემბერში, კობახიძემ განაცხადა, რომ მას მსგავსი დაპირება არ მიუცია და საწინააღმდეგოს მტკიცება „აბსოლუტური სიცრუეა“.

„თავის დროზე, ჩვენი დაპირება როდესაც გაიცა 2022 წელს, ის უკავშირდებოდა 2022 წლის დეკემბერში [ევროპული] საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას“, – მიმართა კობახიძემ ჟურნალისტებს 15 ნოემბერს. „თუმცა მაშინ გახსოვთ, ევროპულ საბჭოს საერთოდ არ უმსჯელია საქართველოსთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე დღის წესრიგიდან ეს დაპირება ავტომატურად მოიხსნა“.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ფორმალურ მხარეს ეჭიდება: რეალურად, კომისიამ მართლაც გადადო საქართველოს პროგრესის შემდგომი განხილვა, რომელიც თავდაპირველად 2022 წლის დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი, და ვადა გაახანგრძლივა. თუმცა, რეალურად, ამ ინიციატივას უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა.

2017 წელს მიღებული მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები იმას ნიშნავდა, რომ საქართველო 2024 წლისთვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდა 5%-იანი ბარიერით. ოპონენტები სამოქალაქო საზოგადოებიდან და ექსპერტები მაშინაც შიშობდნენ, რომ 5%-იანი ბარიერი, წინასაარჩევნოდ ბლოკების ჩამოყალიბების აკრძალვასთან ერთად, კენჭისყრის შედეგებს ქართველების პოლიტიკური არჩევანისთვის ნაკლებად წარმომადგენლობითს გახდიდა და ხელს შეუშლიდა ხელისუფლებაში ერთპარტიული დომინირების დასრულებას.  

ზოგიერთი მცირე პარტია შეეცადა მორგებოდა არსებულ ვითარებას, მათ საკუთარი შანსების გასაზრდელად ძალები გააერთიანეს და საერთო პლატფორმები შექმნეს. თუმცა, ოპოზიციის ნაწილი კვლავ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, შეასრულოს დაპირება, ხოლო აქტივისტები ცვლილებების მოთხოვნით საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან.

საარჩევნო რეფორმის დაპირებების გაცემა და დარღვევა

ქართულ საზოგადოებას აქვს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებით საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე დაპირებების მიღების გამოცდილება. თავის მხრივ, მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ ამგვარი დაპირებების დარღვევის გამოცდილება აქვს.

პარტიამ პირველად საპარლამენტი არჩევნების პროპორიული სისტემით და ნულოვანი ბარიერით ჩატარების პირობა 2020 წელს, საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე დადო. თუმცა, მოგვიანებით „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ამ დაპირებაზე და 2020 წლის არჩევნებისთვის ერთჯერად შერეულ პროპორციულ/მაჟორიტარულ მოდელზე შეჩერდა 1%-იანი ბარიერით. ბარიერის დაწევის შედეგად პარლამენტში ცხრა პარტია შევიდა. ამ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ თავის დამსახურებად მიიჩნევს იმას, რომ პარლამენტი სწორედ 1%-იანი ბარიერის წყალობით გახდა წარმომადგენლობითი.

2020 წლის არჩევნების შემდეგ ახალი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, „ქართული ოცნება“ ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებაში 2%-იან საარჩევნო ბარიერზე დათანხმდა. მართალია, მოგვიანებით მმართველმა პარტიამ შეთანხმება დატოვა, მაგრამ პირობა მაინც დადო, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმას გააგრძელებდა. 2021 წლის სექტემბერში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილმა ცვლილებამ პირველი მოსმენა გაიარა პარლამენტში. თუმცა, საქმე ამის იქით აღარ წასულა.

„ქართული ოცნება“ საკითხს 2022 წლის ივლისში, საქართველოს მიერ პირველ ჯერზე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ვერმიღებით გამოწვეული სიბრაზის საპასუხოდ დაუბრუნდა. კობახიძემ მაშინ განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნები 2%-იანი ბარიერით ჩატარდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მიიღებდა. თუმცა, ახლა, მისი თქმით, ეს დაპირება გაუქმებულია, რადგან ევროკომისიამ დადგენილი ვადები არ დაიცვა.  

ევროკავშირი ბუნდოვანებას ირჩევს

ამ ტიპის კრიზისების დროს ქართველები ხშირად მიმართავენ საერთაშორისო პარტნიორებს შუამავლობისთვის. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 5%-იანი ბარიერი „ნორმალურია“ ევროპის უმეტესი ქვეყნებისთვის. თავად ევროკავშირს არ ჩქარობს საბოლოო მოსაზრების გამოხატვას.

ევროკომისიის მიერ ნოემბერში გამოქვეყნებული გაფართოების ანგარიში შეიცავს რეკომენდაციას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმ პირობით მიენიჭოს, თუ ქვეყანა ცხრა ნაბიჯს გადადგამს რეფორმების კუთხით. მეოთხე ნაბიჯი შეიცავს მოწოდებას, რომ თბილისმა „უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი“ და „სრულად გაითვალისწინოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები“. ანგარიში მოუწოდებს საქართველოს საარჩევნო რეფორმების დასრულებას „მათ შორის, ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფას, არჩევნების დღემდე საკმაოდ ადრე“.

ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა თავის შემდგომ კომენტარებში მედიისთვის განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება ქართველების მისაღებია, თუმცა მიუთითეს, რომ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება შეიცავდა პუნქტს 2%-იანი ბარიერის შესახებ.

„თქვენ ბარიერის შესახებ მკითეთ. ეს იყო ორი წლის შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ნაწილი“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ 21 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას.

აღნიშნა რა, რომ გადაწყვეტილება ქართველებმა უნდა მიიღონ, ჰერჩინსკიმ ხაზი გაუსვა, რომ „არჩევნებს მაშინ აქვს აზრი, თუკი ხალხი გრძნობს, რომ მათი ხმა გაგებულია“. მისივე თქმით, საარჩევნო ბარიერი მნიშვნელოვანია, რადგან „სიტუაცია, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი გრძნობს, რომ მათი ხმები არ არის ასახული მომავალ პარლამენტში, არის შეუსაბამო“. ელჩმა ასევე განაცხადა, რომ ასევე არსებობს სიტუაცია, როდესაც „გყავს ბევრი პარტია წარმოდგენილი და ძალიან რთულია წინსვლა, რადგან ზედმეტად დიდი მრავალფეროვნებაა. ეს ასევე არ არის სწორი“.

მანამდე, ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ „ნეტგაზეთს“  განუცხადა, რომ ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორი საარჩევნო სისტემა ექნება საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების ფარგლებში. სტანომ აღნიშნა, რომ საქართველოში საარჩევნო რეფორმა მიმდინარეა და პირველი მოსმენით მიღებულია „მრავალპარტიული მხარდაჭერით“.

„ეს მრავალპარტიული კონსენსუსი 2021 წელს ევროკავშირის მედიაციით [შარლ მიშელის მონაწილეობით] მიღებული შეთანხმების ნაწილიც იყო“, – განაცხადა სტანომ და დასძინა, რომ „დამატებითი რჩევები საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ შესაძლოა მოიძიოთ შესაბამისი ორგანიზაციებისაგან, როგორიცაა ეუთო/ოდირი“.

2021 წელს საქართველოს საარჩევნო რეფორმის შესახებ ვენეციის კომისიასა და ევროპის საბჭოსთან ერთობლივად გამოქვეყნებულ მოსაზრებაში, ეუთო/ოდირი უფრო დაბალი ბარიერის უპირატესობას არ შეხებია.  

„მართალია არ არსებობს საარჩევნო ბარიერის საერთაშორისო სტანდარტი, ბარიერის დაწევა პოტენციურ სარგებელს იძლევა, პოლიტიკური პლურალიზმის გაზრდისა და ამომრჩეველთა ნებასთან მანდატების მიახლოების სახით“, – ნათქვამია მოსაზრებაში.

თუმცა, მმართველ პარტია, როგორც ჩანს, მანევრირების ნებისმიერი საშუალების გამოყენებას ცდილობს. „ისე ხდება წარმოჩენა, რომ თითქოს ევროკავშირი საქართველოში ითხოვს ბარიერის დაწევას, ეს არის ანტიევროპული დეზინფორმაცია“, – უთხრა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button