Placeholder canvas
ახალი ამბები

საზოგადოებრივი აზრის კვლევა არჩევნებსა და პოლიტიკაში მონაწილეობის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TIG) მიერ 19 ივნისს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 79% მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში „ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენაა“ საჭირო.

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა და მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) 1 763 ადამიანი გამოკითხა. ავტორების განმარტებით, კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი 2.2%-ია.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 64% პარლამენტის მიერ 2019 წლის ნოემბერში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შესახებ ინფორმირებული იყო.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

მათგან 31% ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილები ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით ჩავარდა, 25%-ის მოსაზრებით კი – ცვლილებების ჩაგდების მიზეზი მმართველი პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილება გახდა. რესპონდენტების 14%-მა განაცხადა, რომ ეს იყო „ცალკეული მაჟორიტარი დეპუტატების თავისუფალი ნება მხარი არ დაეჭირათ ამ ცვლილებისთვის“.

კვლევაში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების როლის შესახებ საზოგადოების მოსაზრებაც არის წარმოდგენილი. გამოკითხულთა 9% მიიჩნევს, რომ ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში „ძალიან მნიშვნელოვანია“, 47% მიიჩნევს, რომ „მნიშვნელოვანია“; 24%-ს აზრით, „არც ისე მნიშვნელოვანია“, 9% ამბობს, რომ „საერთოდ არ არის მნიშვნელოვანია“, 11%-მა არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.

რესპონდენტების 36%-მა განაცხადა, რომ ეთნიკური მრავალფეროვნება უფრო აძლიერებს ქვეყანას, ხოლო 31%-მა აღნიშნა, რომ უფრო ასუსტებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button