ახალი ამბები

„TI საქართველოს“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოში კორუფციის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ (TIG) დაკვეთით ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ გამოავლინა, რომ საქართველოში „კვლავ იშვიათია“ წვრილმანი კორუფცია, თუმცა გამოწვევად რჩება კორუფციის უფრო კომპლექსური ფორმები და კორუფციის ისეთი შემთხვევების გამოძიება, სადაც მაღალი თანამდებობის პირები ფიგურირებენ.

კვლევა 8 ივნისს გამოქვეყნდა და ის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 763 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ავტორების თქმით, საშუალო ცდომილების ზღვარი 2.2%-ია.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 1%-ს ჰქონია ბოლო 12 თვის განმავლობაში ისეთი შემთხვევა, როდესაც მათ ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს, რაც „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ თქმით, გასულ წლებში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვების მონაცემების იდენტური შედეგია.

გამოკითხულთა 63% ფიქრობს,  რომ ძალიან გავრცელებულია (16%) ან უფრო გავრცელებულია, ვიდრე არ არის გავრცელებული (47%) თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება. გამოკითხულთა უმრავლესობა (57%) მიიჩნევს, რომ გავრცელებული ან ძალიან გავრცელებულია თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში.

გარდა ამისა, რესპონდენტების 47% ფიქრობს, რომ არ ხდება კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება, მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება. 29% კი საპირისპიროს მიიჩნევს. გამოკითხულთა 41% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება, როგორც წესი, კორუფციაში ჩართულ პირებს ხელს აფარებს, ხოლო 37% ფიქრობს, რომ მთავრობა ასეთ პირებს ამხელს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ 2015-2017 წლებში დაფიქსირებული 1 740 კორუფციული საქმიდან მხოლოდ 12% გაიხსნა. ორგანიზაცია დასძენს, რომ კორუფციული საქმეების გახსნის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პროკურატურას აქვს. 2015-2017 წლებში პროკურატურაში შესული 1 273 საქმიდან  მხოლოდ 47 – 3.7% გაიხსნა.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button