skip to content
ახალი ამბები

„TI საქართველოს“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ

საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TIG) მიერ 11 ივნისს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 26% მიიჩნევს, რომ მთავრობა მედიის საქმიანობაში „ყოველთვის ერევა“, 46% კი – ფიქრობს, რომ „ხანდახან“. არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, ეს მონაცემები გასული წლის მაჩვენებლის იდენტურია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით კვლევისთვის საველე სამუშაოები „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 763 ადამიანი გამოიკითხა. ორგანიზაციის განმარტებით, კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი 2.2%-ია.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტების 53%-ს სოციალურ ქსელ Facebook-ში ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი გვერდების შესახებ სმენია, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 17 პროცენტული პუნქტით მეტია.

მათგან, ვისაც ასეთი გვერდების შესახებ სმენია, 70% ამბობს, რომ Facebook-ის მიერ მათი წაშლის შესახებ ინფორმირებულია. 15% ამბობს, რომ ამ გვერდების უკან ოპოზიცია იდგა, 14% მიიჩნევს, რომ მთავრობა, ხოლო 18%-ის მოსაზრებით ორივე. 46%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში „სოციალურ მედიაში დეზინფორმაციასთან ბრძოლა ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა“, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც „პოლიტიკური ძალები, მათ შორის, ყველაზე აქტიურად მმართველი პარტია, ყალბ გვერდებს ოპონენტებისა და არა მხოლოდ მათი დისკრედიტაციის მიზნით იყენებენ“.

ამასთან, კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 50% ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიერ იმ მედიის წარმომადგენლების შევიწროება, რომლებიც  ხელისუფლებას აკრიტიკებენ, უფრო (39%) ან ძალიან გავრცელებულია (11%).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button