ევროპამთავარი თემა

ტრამპი დიდ შვიდეულში რუსეთს ეპატიჟება, სხვა ლიდერები უარს არიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც წლეულს დიდ შვიდეულს თავკაცობს, 30 მაისს განუცხადებია, რომ შვიდეულის სამიტს ივნისის ნაცვლად შემოდგომაზე უმასპინძლებს. პატივცემულ ტრამპს კვლავაც აღუძრავს ლაპარაკი იმის შესახებ, რომ თავყრილობაზე რუსეთის მოპატიჟებაც სურს. უთქვამს, დიდი შვიდეული ფრიად დრომორჭმული ფორმატისაა, თანამედროვე მსოფლიოს მდინარებას ჯეროვნად ვერ ასახავს და დროა, 10-11 წევრამდე გავფართოვდეთო.

დიდი ბრიტანეთისა და კანადის პრემიერ-მინისტრებს ტრამპს მალევე გამოპასუხებიან და უთქვამთ, რომ წინააღმდეგნი არიან შვიდეულს ხელახლა შემოუერთდეს რუსეთი, რომელიც 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის გამო მიაბრძანეს. დიდ შვიდეულში მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნები – აშშ, გერმანია, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, იტალია, იაპონია და კანადა – შედიან, რომელნიც სამყაროს სვე-ბედზე ბჭობენ.

კანადური ლიბერალიზმის მედროშეს ჯასტინ ტრუდოს განუცხადებია, რუსეთი თავის დროზე ყირიმის ოკუპაციისა და საერთაშორისო წესების დარღვევისათვის მივაბრძანეთ და იმდენად, რამდენადაც ამ წესებს იგი კვლავაც არღვევს, მისი მოპატიჟება ჯერჯერობით არ ეგებისო.

რუსეთის მოპატიჟებაზე ვეტოს დადებით იქადნება ბორის ჯონსონიც ლონდონიდან. ნისლიან ალბიონზე კარგად ახსოვთ კრემლის ამასწინანდელი ცეტობა და ბრიტანეთის მიწაზე ყოფილი რუსი აგენტის მოსკოვის სპეცსამსახურების მიერ მოწამვლის მცდელობაც.

რუსეთის მობრუნებაზე ტრამპისეულ წაჯექ-უკუჯექობანაზე უკმაყოფილება ბრიუსელსაც არ დაუმალავს. ევროკავშირის მთავარ დიპლომატს ჟუზებ ბორელს განუცხადებია, რომ სანამ რუსეთი ქცევასა და ზნეს არ იცვლის, მის დაბრუნებაზე საუბარი ენის სავარჯიშებელი ლაპარაკია და მეტი არაფერი. ბორელს უთქვამს, მართალია, სტუმრების მოპატიჟება მასპინძლის საქმეა, თუმცა შვიდეულს მერვე კაცად პუტინი ვერ დაემატებაო. ევროპელ დიპლომატს დაუყოლებია, დიდი შვიდეულის ქვეყნები ერთად იმიტომ იყრებიან, საერთო ღირებულებები, ინტერესები და ვალდებულებები აქვთო.

კორონავირუსის პანდემიას რომ არ დაერია ხელი, შეხვედრა 10-12 ივნისს უნდა გამართულიყო. მარტში, პანდემიამ რომ დასავლეთს განსაკუთრებულად შეუტია, პრეზიდენტ ტრამპს უთქვამს, შეხვედრას დათქმულ დროს, ივნისში გავმართავთ, ოღონდაც ტელეხიდითო. თუმცა 20 მაისს თეთრი სახლის ბინადარს ტვიტერზე დაუჭიკჭიკებია, დაე, პირადად შევიყაროთ ჩემთან, რაც ფრიად დიდებული ნიშანი იქნება, რომ ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს უბრუნდებაო.

თუმცა, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, ყველაფერი ისე არ წასულა, როგორც ბატონ ტრამპს განუზრახავს. ვაშინგტონში წასვლაზე ჭოჭმანი დაუწყია იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს, ხოლო გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ტრამპის 20 მაისის მოპატიჟებაზე უარი უსტკეცია. ფრაუ მერკელის პრესსპიკერ შტეფან ზაიბერტს უთქვამს ეპიდემიის სიტუაციისდა გათვალისწინებით, ქალბატონი მერკელი ივნისის ბოლოს ვაშინგტონს ვერ გაემგზავრებაო.

მოსკოვის მოწვევა-არმოწვევა მხოლოდ ერთ-ერთია იმ საკითხთა ჩამონათვალიდან, რომელზედაც ტრამპსა და დანარჩენ ლიდერებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ. თუმცა, აზრთა სხვადასხვაობა და თავმოუბმელობა მხოლოდ წლეულს არ დამჩნევია დიდ შვიდეულს. როგორც ამასწინათ მოხსენებული გვქონდა, შარშან, ბიარიცში განავარდებულმა შვიდეულმა ტრადიციული საერთო კომუნიკეც ვერ შეიმუშავა.

ყურადღების დავთარში ჩასაწერია ის ამბავიც, რომ ტრამპსა და მერკელს შორის კარგა ხანია შავმა კატამ გაირბინა. ორ ლიდერს გასულ კვირას ტელეფონით ბევრი თემა განუსჯიათ, თანაც ფრიად გაცხარებულად. ბერლინი და ვაშინგტონი ნატოზე, ნორდ სტრიმი 2-ის სახელით ცნობილ რუსეთ-გერმანიის გაზსადენზე, ჰონგ-კონგის საკითხსა და ჩინეთთან ურთიერთობებზე ვერ რიგდებიან.

როგორც ვაშინგტონიდან მოდის ამბავი, მომავალი სამიტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ჩინეთი იქნება, რომელთანაც ამერიკას კორონავირუსისა და ჰონგ-კონგზე პეკინის მიერ ეროვნული უსაფრთხოების კანონების გავრცელების ფონზე  განსაკუთრებით დაეძაბა ურთიერთობა. სხვათა შორის, რუსეთთან ერთად პატივცემულ ტრამპს შეხვედრაზე სამხრეთ კორეის, ინდოეთისა და ავსტრალიის მოწვევაც განუზრახავს, რაც, როგორც ვაშინგტონიდან ირწმუნებიან, ჩინეთის საპირწონე გაერთიანების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

თუმცა, იმ ფონზე, რომ მსოფლიო საშემოდგომოდ კორონავირუსის სავარაუდო მეორე ტალღას ელოდება, დიდი შვიდეულის პირისპირ თავშეყრა ჯერაც სათუოა. დაველოდოთ, რა ღონისძიებას იხმარს პრეზიდენტი ტრამპი სამიტის გასამართავად.

მომზადებულია პოლიტიკოზე, BBC-ზე, New York Times-ზე, ABC News-ზე, Guardian-სა და საკუთარ თავზე დაყრდნობით.

მსგავსი/Related

Back to top button