ახალი ამბები

აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ „მთავრობის“ ახალი სტრუქტურა წარადგინა და ვიცე-პრემიერები დანიშნა

Tags

ოკუპირებული აფხაზეთის ახალმა „პრეზიდენტმა“, ასლან ბჟანიამ 28 აპრილს რეგიონის „მინისტრთა კაბინეტში“ ცვლილებები შეიტანა და „მთავრობის“ წევრთა რაოდენობა 12-დან 14-მდე გაზარდა.

ქვემოთ აფხაზეთის „მინისტრთა კაბინეტის“ ახალი სტრუქტურაა მოცემული:

  • „შინაგან საქმეთა სამინისტრო“;
  • „ჯანდაცვის სამინისტრო“;
  • „საგარეო საქმეთა სამინისტრო“;
  • „კულტურის სამინისტრო“;
  • „თავდაცვის სამინისტრო“;
  • „გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტრო“;
  • „საგანგებო სიტუაციების სამინისტრო“;
  • „განათლებისა და ენის პოლიტიკის სამინისტრო“;
  • „სოფლის მეურნეობის სამინისტრო“;
  • „სოციალური დაცვის და დემოგრაფიული პოლიტიკის სამინისტრო“;
  • „ტურიზმის სამინისტრო“;
  • „ფინანსთა სამინისტრო“;
  • „ეკონომიკის სამინისტრო“;
  • „იუსტიციის სამინისტრო“.

ბჟანიას მიერ „მთავრობის“ სტრუქტურაში შეტანილი ცვლილებების შედეგად:

  • „ენის კომიტეტი“ „განათლების სამინისტროს“ შეუერთდა და „განათლებისა და ენის პოლიტიკის სამინისტროდ“ ჩამოყალიბდა;
  • „ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“ ორ დამოუკიდებელ სტრუქტურად გაიყო – „ჯანდაცვის სამინისტრო“ და „სოციალური დაცვისა და დემოგრაფიული პოლიტიკის სამინისტრო“;
  • კურორტებისა და ტურიზმის კომიტეტი, ასევე სოფლის მეურნეობის კომიტეტი ორ შესაბამის „სამინისტროდ“ ჩამოყალიბდა.

ახალ კაბინეტში თანამდებობა რამდენიმე წინა „მინისტრმაც“ შეინარჩუნა. ასევე, დაინიშნა რამდენიმე ახალი „მინისტრი“, მათ შორის, ბესლან ჯოპუა, რეგიონის „პირველი ვიცე-პრემიერი“ და ვლადიმირ დელბა – სამიდან ერთ-ერთი „ვიცე-პრემიერი“, რომელიც რეგიონის ფინანსებსაც განაგებს.

ბესლან ჯოპუა, რომელიც 1962 წელს აფხაზეთში დაიბადა, განათლებით აგრონომია. რუსული მედიის ცნობით, იგი აფხაზეთში 1992-1993 წლების კონფლიქტის დროს აფხაზი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა. 2007 წელს იგი აფხაზეთის „ასამბლეის“ დეპუტატი გახდა. 2011 წლიდან 2014 წლამდე იგი ოკუპირებული რეგიონის სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო.

45 წლის ვლადიმირ დელბას 2011 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში „ფინანსთა მინისტრის“ და „ვიცე-პრემიერის“ თანამდებობები ეკავა. 2014 წლის ივნისიდან-სექტემბრამდე იგი რეგიონის „პრემიერ-მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებელი იყო.

სტრუქტურული ცვლილებების შედეგად შემდეგი „სახელმწიფო კომიტეტები“ დარჩა:

  • სპორტის და ახალგაზრდობის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტი
  • სტანდარტების, სამომხმარებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო კომიტეტი;
  • სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტი;
  • სახელმწიფო ქონების მართვის და პრივატიზაციის სახელმწიფო კომიტეტი;
  • სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი;
  • რეპატრიაციის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტი;
  • ეკოლოგიის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტი;
  • კავშირგაბმულობის, მასობრივი კომუნიკაციის და ციფრული განვითარების საკითხთა სახელმწიფო კომიტეტი.
ასლან ბჟანიამ, რომელიც „პრეზიდენტის“ უფლებამოსილების შესრულებას 23 აპრილიდან შეუდგა, ალექსანდრე ანქვაბი მთავრობის მეთაურად დანიშნა მას შემდეგ, რაც ვალერი ბგანბას მეთაურობით მთელი წინა „მინისტრთა კაბინეტი“ გადადგა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button