COVID-19: აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 7 აპრილს დაფიქსირდა. აფხაზეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა, რომ დაინფიცირებული პაციენტი გაგრაში მოსკოვში მოგზაურობის შემდეგ დაბრუნდა.
კორონავირუსის დადგენის შემდეგ, პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის ამჟამად მკურნალობას გადის. დაავადების გავრცელების მასშტაბების გამოსავლენად, ინფიცირებული პაციენტის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.
გალის მკვიდრის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სოხუმმა აფხაზეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის მოქალაქეების გადაადგილების აკრძალვისთვის საპოლიციო კორდონის მოწყობა დაავალა. ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გალის რაიონში საკომენდანტო საათიც შემოიღო.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 27 მარტს სოხუმმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც ძალაში 20 აპრილამდე იქნება.
ამასთან, აფხაზეთის ხელისუფლებამ ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტზე 27 თებერვალს დროებითი შეზღუდვები მას შემდეგ დააწესა, რაც თბილისში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.
მანამდე, 25 თებერვალს, სოხუმმა აკრძალვა გაახანგრძლივა, რომელიც უცხოელებს ოკუპირებულ რეგიონში შესვლას უზღუდავს. აკრძალვა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს არ ეხებათ.
აფხაზეთის ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონში შესვლა 28 მარტს, მას შემდეგ აუკრძალა, რაც რუსეთის ფედერაციაში კოვიდ-19-ის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 1 000-ს გასცდა.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციასთან მიმოსვლის შეზღუდვისგან თავს იკავებდა.
„ზოგადად, ორივე ტერიტორიაზე ძალიან სახიფათო მდგომარეობაა. წინა დღეების განმავლობაში, ასობით ადამიანის შემოდინება ხდებოდა რუსეთის ფედერაციიდან. რადგან ერთმა ქალმა მოგვმართა და მას დაუდგინდა [კოვიდ-19], ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ერთადერთია, რომელსაც კორონავირუსი აქვს“, – განაცხადა ციხელაშვილმა 1 აპრილს.
ასევე წაიკითხეთ:
- COVID-19 – ყველა სიახლე: ინფიცირებულთა რიცხვი 208-მდე გაიზარდა, 48 გამოჯანმრთელდა
- COVID-19: თბილისი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში პანდემიის კუთხით „სახიფათო მდგომარეობის“ გამო შეშფოთებულია
- ოკუპირებული გალის მკვიდრს კორონავირუსი დაუდგინდა
- COVID-19: ოკუპირებულმა აფხაზეთმა 20 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)