ახალი ამბები

პრემიერმა ეკონომიკაზე COVID-19-ის ნეგატიური გავლენის შემცირების გეგმა წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად, COVID-19-ის გავრცელებით ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენის შემცირებისა და ეკონომიკური სტიმულირების საჭირო ღონისძიებების გეგმა წარადგინა. 

პრემიერმა აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების მასშტაბების ფონზე, ახლა „კონკრეტული ძალზედ ეფექტური ნაბიჯების და ქმედებების დროა“, რადგან „ვირუსის ზემოქმედება ეკონომიკაზე გლობალურად იქნება საკმაოდ სერიოზული და დიდი და ჩვენც უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ჩვენს ბიზნესს, ეკონომიკას მივეხმაროთ და შევარბილოთ ეს დარტყმა, და ეს ნეგატიური გავლენები იყოს პროგნოზირებადი და მათზე რეაქცია იყოს დაგეგმილი“.

გიორგი გახარიამ განმარტა, რომ პირველი დარტყმა კომერციული სექტორის იმ სფეროს მიადგება, რომელიც ბოლო წლებში ჩვენი ეკონომოკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი იყო და ეს ტურიზმია, ამიტომ პრემიერის თქმით, ძირითადი ამოცანა ამ სექტორის დახმარებაა. 

„ჩვენი ძირითადი ამოცანა არის, რომ ამ სექტორს მივეხმაროთ, რომ მათ დარჩეთ ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ შემდგომ შეძლონ როგორც იმ მიღწევების, ისე სამუშაო ადგილების შენარჩუნება და მომსახურება იმ ფინანსური ვალდებულებების, რომელიც გააჩნიათ. მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ მსგავს კომპანიებს რაც შეიძლება მეტი ფინანსური რესურსი დაუტოვოს“, – თქვა პრემიერმა. 

გახარიას თქმით, გუშინ საბანკო სექტორთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ „ყველა კომპანიას, რომელსაც ამის საჭიროება ექნება“, საბანკო სექტორი სამი-ოთხი თვის განმავლობაში მათი სესხების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობას მისცემს. „ამ საშუალებით, მხოლოდ ტურიზმის სექტორში ჩვენ დავტოვებთ დაახლოებით 100 მლნ ლარის ფინანსურ რესურსს“, – აღნიშნა პრემიერმა. 

„გარდა ამისა, ჩვენ საბანკო სექტორთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფიზიკური პირები სამი თვის განმავლობაში, აუცილებლობის შემთხვევაში გათავისუფლდებიან სასესხო მომსახურების ვალდებულებისგან“, – დასძინა გახარიამ.

რაც შეეხება უშუალოდ ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილ ღონისძიებებს, პრემიერის თქმით, მთავრობა ტურიზმთან დაკავშირებული ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც საქმიანობენ: „სასტუმროებისა და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომანიების, საექსკურსიო კომპანიების და სხვა სფეროებში“, ქონებისა და სხვა საშემოსავლო გადასახადს ოთხი თვით გადაუვადებს.

„[ეს] ნიშნავს იმსა, რომ ეს შეეხება 18 000 კომპანიას, რომელიც ოპერირებს დღეს საქართველოში და 50 000-ზე მეტ დასაქმებულ პირს. ეს დამატებით დატოვებს ამ სექტორში 100 მლნ ლარზე მეტ ფინანსურ რესურსს“, – განმარტა გახარიამ.

მისივე თქმით, „დაგეგმილი 600 000 მლნ ლარის ოდენობის დასაბრუნებელი დღგ-ის ნაცვლად, ეს თანხა გაორმაგდება და ჩვენს ეკონომიკას, კომპანიებს დაუბრუნდებათ დამატებით 600 მლნ, რაც ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკას დაუბრუნებს 1.2 მილიარდი ლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს დღგ-ის საშუალებით“.

პრემიერი სასტუმროების ბიზნესის სასესხო მომსახურების საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ „4-დან 50-ნომრამდე სასტუმროებისთვის, 6 თვის განმავლობაში, საპროცენტო განაკვეთს მოემსახურება სახელმწიფო“. მისივე განმარტებით, ეს დაახლოებით 2 000 სასტუმროს შეეხება.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ გლობალურად ეკონომიკას სჭირდება მხარდაჭერა სხვა ინსტრუმენტებითაც, ამიტომ სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, კაპიტალურ ხარჯებში და ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამატებით, წლის ბოლომდე, ინვესტირებული იქნება 300 მლნ ლარი“, – თქვა პრემიერმა.

მანვე აღნიშნა, რომ, ჯამურად, ეს ეკონომიკაში, დაახლოებით, 1 მილიარდი ლარის რესურსის მიმართვას ან დატოვებას გულისხმობს, რამაც გახარიასვე შეფასებით, „ამ ეტაპზე მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენს კერძო სექტორს“.

„თუმცა, იმ შემთხვევაში,თუ ეს არ იქნება საკმარისი და ჩვენ ვნახავთ, რომ გლობალური გამოწვევები და ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე იქნება კიდევ უფრო მძიმე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ [დამატებითი] გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – დასძინა გახარიამ. 

პრემიერმა ხაზგამით აღნიშნა, რომ „ყველა ის ზომა“, რომელსაც მთავრობა იღებს, „განსაკუთრებით, ტურიზმის სექტორში დასაქმებული კომპანიებისთვის“, „ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს იმას, რომ კომპანიებმა შესაბამისი მხარდაჭერა უნდა გაუწიონ თავიანთ დასაქმებულებს და მაქსიმალურად უნდა შევინარჩნოთ სამუშაო ადგილები“. „ეს არის ჩვენი და მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი“, – თქვა პრემერმა. 

გახარიამ ისიც განმარტა, რომ მთავრობა ეროვნულ ბანკთან საბანკო რეგულაციების თაობაზე საუბარს განაგრძობს, იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, „კიდევ უფრო მეტი მასტიმულირებელი ინსტრუმენტები იქნეს გამოყენებული“. პარალელურად, პრემიერისვე თქმით, აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს საერთაშორისო პარტნიორებთანაც, რათა „საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციების მიერ სახელმწიფოების მიმართ გამოხატული მხარდაჭერის მზაობა, მაქსმალურად გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“.

საუბრის ბოლოს, გიორგი გახარიამ კერძო და საბანკო სექტორს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იქვე საქართველოს მოსახლეობას კორონავირუსთან მიმართებით გაცემული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა. „ჩვენ ყველამ ერთად, საბოლოო ჯამში, უნდა მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას“, – დასძინა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პრემიერ-მინისტრმა „ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმის“ წარმოდგენა, 12 მარტს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ დაავალა. „ეს არის გლობალური გამოწვევა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გლობალურ გამოწვევაზე საქართველოს პასუხი იყოს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური“, – თქვა გუშინვე პრემიერმა.

ასევე წაიკთხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button