ახალი ამბები

ომბუდსმენი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტს ეხმაურება

Tags

საქართველოს სახალხო დამცველი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის მიერ შუქრუთის მაღაროს „ბლოკირებას“ ეხმაურება. 17 თებერვლიდან ადგილობრივები შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მადნის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად გარემოსა და მათი საცხოვრებელი სახლებისთვის მიყენებულ ზიანს აპროტესტებენ.

ომბუდსმენის განმარტებით, აგილობრივები აცხადებენ, რომ მადნის მოპოვებითი 24 საათიანი სამუშაოების გამო, სოფელში, სადაც 280 ოჯახი ცხოვრობს, „თითქმის ყველა საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია, დაბზარულია საძირკველი, კედლები, იატაკი. რამდენიმე სახლი სრულად დაინგრა. ალაგ-ალაგ ჩავარდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები. საფრთხე შეექმნა საფლავებსაც“.

„მოსახლეობა მიუთითებს, რომ კომპანიის საქმიანობის შედეგად დაბინძურდა გარემო, გაიჩეხა ტყის მასივის გარკვეული ნაწილი; დაშრა ბუნებრივი წყაროს წყლები და ჭები; ნიადაგი მოუსავლიანი გახდა; გახმა ვაზი და სხვა მრავალწლოვანი ნარგავები. მიაჩნიათ, რომ კომპანია არარაციონალურად იყენებს ბუნებრივ რესურსებს. დამდგარი და მოსალოდნელი ზიანი საფრხეს უქმნის მოსახლეობის საკუთრებასა და ჯანსაღ გარემოს“, – აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველისვე განმარტებით, გასულ წელს მოსახლეობა პროტესტის ფორმას რამდენჯერმე უშედეგოდ მიმართა და კომპანიასთან მიღწეული სიტყვიერი შეთანხმებები „არაერთხელ დაირღვა“. მისივე თქმით, იქამდე, სანამ სოფლის ზარალი არ შეფასდება და ყველა ოჯახს მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურდება, მოსახლეობა „ამჟამად“ პროტესტის შეწყვეტას აღარ აპირებს.

ზიანის გამომწვევი მიზეზების დადგენისა და კომპანიასთან შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების წარმართვის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველი შესაბამის უწყებებს მათ ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

აგრეთვე, ომბუდსმენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოსახლეობასა და კომპანიას შორის მოლაპარაკებებში ჩართვის თხოვნით მიმართავს, რათა „დაცული იყოს მათი როგორც საკუთრების ასევე, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button