skip to content
ახალი ამბები

კალაძემ და კობახიძემ სტრასბურგში ვიზიტი დაასრულეს

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ და ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში ვიზიტი დაასრულეს, სადაც ევროპარლამენტარებთან რიგი შეხვედრები გამართეს.

კალაძის თქმით, შეხვედრების მიზანი საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ასევე მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ევროპარლამენტარების ინფორმირება იყო.

12 თებერვალს, კალაძე და კობახიძე ევროპარლამენტარებს მიხაელ გალერს, სანდრა კალნიეტეს, ვლოდზიმეჟ ციმოშევიჩს და სვენ მიკსერს შეხვდნენ.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა“, – განაცხადა კალაძემ შეხვედრის შემდეგ და დასძინა: „ბევრი კითხვა დაისვა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან გაკეთდა ახსნა-განმარტებები“.

კალაძის თქმით, საუბარი ასევე შეეხო ცოტა ხნის წინ ევროპული საქართველოს ლიდერისთვის, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას.

ქართული ოცნების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მმართველი პარტიის ლიდერებმა ევროპარლამენტარებს უთხრეს, რომ უგულავას საქმეს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს, რომ საქმე 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ეხება და რომ ამის მყარი მტკიცებულებები არსებობს.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტარებს უგულავას საქმის შინაარსთან დაკავშირებით კითხვები არ ჰქონიათ, მათ დროის ფაქტორს გაუსვეს ხაზი, რადგანაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება.

მოგვიანებით, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებს ანტონიო ტაიანის, კატი პირის, სერგეი სტანიშევს და მარინა კალიურანდს შეხვდნენ და უგულავას საქმეზე ფაქტების შემსწავლელი მისიის ჩამოყალიბება შესთავაზეს.

„მათ შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც ჩამოვა საქართველოში და ადგილზე გაეცნობა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არსებულ მასალებს, რათა დარწმუნდნენ იმაში, რომ საქმე გვაქვს მძიმე დანაშაულთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრას ევროპარლამენტარებთან ასევე დაესწრნენ ქართული ოცნების დეპუტატები კახა კუჭავა, დავით სონღულაშვილი და ირაკლი ბერაია, რომლებიც სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-9 შეხვედრაზე დასასწრებად ჩავიდნენ.

ქართული ოცნების ლიდერების ვიზიტი სტრასბურგში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებების ჩაშლას დაემთხვა. ოპოზიციამ მოლაპარაკებების მაგიდა უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების საპასუხოდ დატოვა.

13 თებერვალს, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში წამყვანმა ევროპარლამენტარებმა, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარინა კალიურანდმა და საგარეო საქმეთა კომიტეტის მუდმივმა მომხსენებელმა საქართველოს შესახებ სვენ მიკსერმა გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გამოაქვეყნეს და აღნიშნეს, რომ „საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელება უმნიშვნელოვანესია საარჩევნო რეფორმაზე კონსენსუსის მისაღწევად, რაც ყველაზე უკეთესად ასახავს ქართველი ხალხის ნებას“.

ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ უგულავას გასამართლება „გადაწყვეტილების პროცედურების, დროისა და მოტივაციის თაობაზე კითხვებს აღძრავს“.

უზენაესი სასამართლოს სამწევრიანმა კოლეგიამ 10 თებერვალს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას საბოლოო სასჯელის სახედ სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გიგი უგულავას ადვოკატის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მხარი კოლეგიის ორმა წევრმა – შალვა თადუმაძემ (ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა) და მერაბ გაბინაშვილმა დაუჭირეს, რომლებიც უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეებად ცოტა ხნის წინ დაინიშნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button