ახალი ამბები

EPP „ძალზედ იმედგაცრუებულია“ ქართული ოცნების მიერ პოლიტიკური კრიზისების მართვით

Tags

ევროპის სახალხო პარტია (EPP) „ძალზედ იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ მმართველ პარტიას არ გააჩნია პოლიტიკური ნება, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისი მოაგვაროს“ საქართველოში.

გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში EPP-მ განაცხადა, რომ ის „საქართველოში დემოკრატიის ძლიერ მხარდამჭერად რჩება“ და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ „ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და საქართველოს მეგობრების მოთხოვნები დააკმაყოფილოს“.

პარტიამ მხარდაჭერა გამოუხატა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებებს და საქართველოს მმართველ უმრავლესობას მოუწოდა, რომ „უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემის მიღება, რომელიც ყველა მხარის მხარდაჭერითა და ნდობით ისარგებლობს და მაქსიმალურ პროპორციულობას უზრუნველყოფს 2020 წლის არჩევნებამდე“.

EPP-მ ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „თავი შეიკავოს მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებისგან და ოპოზიციის ლიდერების დევნა შეწყვიტოს“. „საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია და როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის ინტერესებში შედის, რომ ქვეყანამ დემოკრატიული განვითარებისგან არ გადაუხვიოს“, – განაცხადა ევროპის სახალხო პარტიამ.

2019 წლის ნოემბერში, ქართულმა ოცნებამ 101 ხმით 3-ის წინააღმდეგ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი, რომელიც 2024 წლის ნაცვლად 2020 წლიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, პირველივე მოსმენით ჩააგდო.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს საპარლამენტო ოპოზიციის სრული შემადგენლობის მხარდაჭერა ჰქონდა (44 დეპუტატი). შესაბამისად, კანონპოექტის მისაღებად ქართულ ოცნებას ჯამში საკუთარი 104 დეპუტატიდან მხოლოდ 69-ის ხმა სჭირდებოდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო ცვლილებებს უმრავლესობის მხოლოდ 57 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რაც კანონპროექტის პირველი მოსმენით მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა. 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. ყველა მათგანი ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button