ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი PACE-ს ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა

Tags

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 28 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, რომელიც სტრასბურგში 27-31 იანვარს იმართება, სიტყვით გამოვა.

თავის გამოსვლაში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე სიტუაციაზე ისაუბრებს.

ასამბლეაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც გამოვა და საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე ისაუბრებს.

ზალკალიანის თქმით, მას შესაძლებლობა ექნება ოკუპირებულ რეგიონებზე „ეროვნული პოზიციიდან“ ისაუბროს. „თუმცა, მე შეზღუდული ვარ ამ ორგანიზაციის წესდებით, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, უფრო ფართოდ მოვიცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია“, – განაცხადა მან.

ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ თავის ხვალინდელ გამოსვლაში „ეროვნული პოზიციიდან“ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციაზე სწორედ პრეზიდენტი ისაუბრებს, მათ შორის, ახალგორის მუნიციპალიტეტში გამშვები პუნქტების დახურვის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებზე.

საქართველო 27 ნოემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. ქვეყანამ თავმჯდომარის პოსტზე საფრანგეთი ჩაანაცვლა და უფლებამოსილებას ექვსი თვის ვადით შეასრულებს. საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს შორისაა: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა, სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება და დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button