skip to content
ახალი ამბები

იზორიას საქმის ყოფილი პოლიციელი მისი ოჯახისადმი ფარულ მიყურადებაზე საუბრობს

ყოფილმა პოლიციელმა, მაიორმა გიორგი დვალიშვილმა, რომელმაც 23 იანვარს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ 2014 წელს დაზვერვის სამსახურის ამჟამინდელი უფროსის ლევან იზორიას ძმის დაკავების გამო სისტემის მხრიდან მისდამი განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა, 26 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ ბრიფინგი გამართა. დვალიშვილმა თქვა, რომ მისი და მისი ოჯახისადმი ფარული მიყურადება და თვალთვალი მიმდინარეობს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ ხატია დეკანოიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გიორგი დვალიშვილმა აღნიშნა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს და რომ გამოძიებასთან თანამშრომლობისა და ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად მზადაა. მანვე აღნიშნა, რომ სამი არასრულწლოვანი ქალიშვილი ჰყავს, რომლებიც „სისტემატურად იმყოფებიან ზეწოლის ქვეშ“.

„თვალთვალი მათზე, ყოფნა სადარბაზოში [უკვე მეტისმეტია]. ვეღარ ვიცავ ვერც ჩემს ბავშვებს და ფსიქოლოგიურად არიან უდიდესი წნეხის ქვეშ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მივმართავ [სამართალდამცველ უწყებას], რომ შეწყდეს ეს უკანონობა. მზად ვარ ნებისმიერ შეკითხვაზე გავცე პასუხი, აქ ვარ, არსად მივდივარ“, – განაცხადა დვალიშვილმა.

ბრალდებას „კატეგორიულად“ უარყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სამსახურმა „სამოქალაქო საქართველოს“ განუმარტა, რომ „სხვადასხვა დროს კონკრეტული პოლიტიკური ძალებისა და მათი აქტივისტების მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მისამართით გავრცელებული მსგავსი ბრალდებები ფაქტებს და მტკიცებულებებს არ ეფუძნება“ და „მხოლოდ უწყების დისკრედიტაციასა და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება“.

რას ჰყვება ყოფილი პოლიციელი?

23 იანვარს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტში ყოფილმა პოლიციელმა გიორგი დვალიშვილმა 2014 წელს სამხრე კამერებით გადაღებული ვიდეომასალა გაასაჯაროვა, რომელიც დაზვერვის სამსახურის ამჟამინდელი ხელმძღვანელის ლევან იზორიას (იმ დროისთვის ლევან იზორია შს მინისტრის მოადგილე იყო) ძმის ვახტანგ იზორიას დაკავების კადრებს ასახავს.

გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, საპატრულო პოლიციამ, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვახტანგ იზორიას ავტომობილი გააჩერა. პოლიციის ქმედებით უკმაყოფილო იზორიას პოლიციელებთან შელაპარაკება მოუვიდა. ამის შემდეგ, იზორიამ სამართალდამცველები სიტყვიერად შეურაცხყო და მათ დაემუქრა. პოლიციელმა გიორგი დვალიშვილმა იზორია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ხელბორკილი დაადო და პოლიციის მანქანაში ჩასვა.

კადრებში ჩანს, რომ დაკავებულმა იზორიამ პატრულის შეურაცხყოფა და მუქარა განაგრძო და აღნიშნა, რომ იგი ლევან იზორიას ძმაა. ვიდეომასალაში ასევე ჩანს, რომ მოგვიანებით მომხდარის ადგილზე შს სამინისტროს სხვა თანამშრომელი და ლევან იზორიას მძღოლიც მივიდა, რის შემდეგაც დაკავებული იზორია გაათავისუფლეს, ავტომობილი დაუბრუნეს, პოლიციამ კი მას მადლობა გადაუხადა და ბოდიში მოუხადა.

ამავე არხის მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ვიდეომასალის მიხედვით, მოგვიანებით ვახტანგ იზორიას ოპერატიულ საშვი, ე.წ. „ნარუშილოვკა“ დაუმზადეს, რომლის ჩვენების შემთხვევაშიც პოლიცია ვალდებულია, რომ გაჩერებული პირი შემოწმების გარეშე გაუშვას.

გიორგი დვალიშვილმა „მთავარ არხს“ განუცხადა, რომ ვიდეოს არსებობაზე იციან მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. მომხდარზე მედიასთან კომენტარი ამ დრომდე არცერთს გაუკეთებია.

დვალიშვილისვე განმარტებით, მთელი ამ წლების განმავლობაში, მასზე სხვადასხვა ფორმით ზეწოლა მიმდინარეობდა, იგი ჯერ დააქვეითეს, ბოლოს კი კადრების განკარგულებაში გადასცეს. მისივე თქმით, მასზე ზეწოლა საპატრულო პოლიციის უფროსად კახა ბუხრაძის დანიშვნის შემდეგ გააქტიურდა, რომელიც მას აღნიშნული კადრების გადაცემას სთხოვდა.

გასული წლის ნოემბერში დვალიშვილმა ბუხრაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზნით პროკურატურასაც მიმართა. საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ ისინი კადრების ავთენტურობას სწავლობენ და დეტალების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button