Placeholder canvas
ახალი ამბებიწერილები

ლევან გაჩეჩილაძე

ბევრისთვის მოულოდნელი იყო, როდესაც ცხრა პარტიისგან შემდგარმა კოალიციამ 43 წლის უპარტიო დეპუტატი ლევან გაჩეჩილაძე პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. იგი კოალიციის შიგნით ჩატარებული კენჭისყრის შედეგად შერჩეული კანდიდატია.


ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიის (GWS) ერთ-ერთი დამფუძნებელია, 1999 წლიდან პარლამენტის წევრია მას შემდეგ, რაც ის საკანონმდებლო ორგანოში მაშინდელი მმართველი პარტიის ”მოქალაქეთა კავშირის” სიით  მოხვდა. მაშინ გაჩეჩილაძე პრეზიდენტობის ამჟამინდელი კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიის კოორდინაციას ახორციელებდა. 1999 წელს სააკაშვილი, რომელიც ასევე მმართველი პარტიის წევრი იყო, ვაკის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს, ხოლო გაჩეჩილაძე მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო.  


2001 წელს თანამოაზრე დეპუტატებთან ერთად, მან შევარდნაძის პარტია დატოვა და ოპოზიციური პარტია ”ახალი მემარჯვენეები” ჩამოაყალიბა. გაჩეჩილაძე მეგობარ დავით გამყრელიძესთან ერთად ჩაუდგა სათავეში მემარჯვენეებს. სააკაშვილის მსგავსად, გამყრელიძეც გაჩეჩილაძის კონკურენტია 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში.   


2003 წლის ბოლოს გაჩეჩილაძემ დატოვა ”ახალი მემარჯვენეები”, რადგანაც პარტიის სხვა ლიდერებმა უარი თქვეს ”ვარდების რევოლუციის” მხარდაჭერაზე. 


2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს იგი ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. 


მას შემდეგ გაჩეჩილაძე აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდა. მისი გააქტიურება მხოლოდ სექტემბრის ბოლოს მოხდა, როდესაც ოპოზიციურმა კოალიციამ ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები წამოიწყო. იგი კოალიციას უპარტიო დეპუტატის სტატუსით შეურთდა.


გაჩეჩილაძე ის პიროვნება იყო, ვინც 3 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის შესახებ კოალიციის მოთხოვნა გაახმოვანა. ”ჩვენ ისტორიული მოთხოვნა დავუმატეთ უკვე არსებულ მოთხოვნებს,” – განუცხადა მან ათასობით მომიტინგეს, ”ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ მიხეილ სააკაშვილს”. მისი გამოსვლა გაჩეჩილაძემ სააკაშვილის მისამართით გინებით დაასრულა.


გაჩეჩილაძე ასევე პირველი იყო, ვინც 5 ნოემბერს შიმშილობა გამოაცხადა, ხოლო 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის დარბევის დროს, ის პოლიციამ სცემა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში აღმოჩნდა.


7 დეკემბერს გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ იგი თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად კომპანია GWS-ში თავისი აქციების გაყიდვას გეგმავდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი 49%-ს ფლობდა, მაშინ როცა აქციების უდიდესი წილის მფლობელი ალკოჰოლური სასმელების მსოფლიოში მეორე უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Pernod Ricard-ია.   


გაჩეჩილაძის გაპრეზიდენტების მთავარი მიზანია საპრეზიდენტო სისტემის შეცვლა საპარლამენტო მმართველობით, რომლის ფარგლებში ასევე განიხილება კონსტიტუციური მონარქიის მოდელიც.


მისი მთავარი პრინციპები გაჩეჩილაძემ 3 დეკემბერს თავის პროგრამაში გაახმოვანა. გაჩეჩილაძის თქმით, ის აპირებს წარმოადგინოს დეტალური პროგრამა – 200 ნაბიჯი ან 200 დღე. ”[პროგრამაში გახმოვანებული იქნება] ის, თუ რის გაკეთებას ვაპირებ, როგორც ამ ქვეყნის ბოლო პრეზიდენტი,” – განაცხადა მან.


თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს იგი ყურადღებას ამახვილებს 7 ნოემბრის მოვლენებზე და ხელისუფლების არაპოპულარულ ქმედებაზე, რომელიც დემონსტრაციის დარბევას და ტელეკომპანია ”იმედის” დახურვას უკავშირდება. ლევან გაჩეჩილაძის ათწამიან რეკლამაში ჩანს კადრები, თუ როგორ არბევს პოლიციის სპეცრაზმი 7 ნოემბრის საპროტესტო აქციას.      


 

მსგავსი/Related

Back to top button