Placeholder canvas
ახალი ამბები

ზალკალიანი ლონდონში კონფერენციაზე – NATO Engages – სიტყვით გამოვიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რომელიც 3-4 დეკემბერს ლონდონს სტუმრობს, ნატოს ლიდერთა შეხვედრის პარალელურად დაგეგმილ ღონისძიებაში – NATO Engages: Innovating the Alliance მიიღო მონაწილეობა.

ბალტიისპირეთიდან შავი ზღვის ჩათვლით ნატოს პოზიციებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის განხილვისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია“ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.

ნატოში ინტეგრაცია 

ზალკალიანის თქმით, საქართველო ნატოს ერთ-ერთი მოწინავე ასპირანტი ქვეყანაა და „კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ყველა ის პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, საქართველოს საბოლოო მიზნის მიღწევის დაჩქარებაში ეხმარება, რაც ალიანსში „სრულფასოვან წევრობას“ გულისხმობს.

ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზა „მესამე მხარის წინააღმდეგ არ არის მიმართული“, არამედ მისი მიზანი თავდაცვითი შესაძლებლობებისა და ქვეყნის სიმტკიცის გაძლიერებაა. „შავის ზღვის რეგიონში, რომელიც ნატოსთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი ხდება, უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რუსეთიდან მოდის“, – განაცხადა მან.

ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება „მკაფიოდ აღნიშნავს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება“. „ჩვენ ვაცნობიერებთ დღეს არსებულ ვითარებას ნატოში, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თუმცა სრულად ვიყენებთ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს… საქართველოს სრულმასშტაბიანი ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად, რაც საქართველოს საბოლოო წევრობასთან აახლოებს“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველო „უკვე მოქმედებს როგორც მოკავშირე“ და ნატოს სტანდარტებს იცავს, როგორიცაა, მაგალითად, ნატოს მოთხოვნა თავდაცვისთვის ბიუჯეტიდან მშპ-ის მინიმუმ 2%-ის გამოყოფის თაობაზე. ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველოს კონტრიბუცია ნატოსგან შემხვედრ ნაბიჯებს საჭიროებს და დასძინა, რომ საქართველოს „პრაქტიკული პოლიტიკური გადაწყვეტილება“ ესაჭიროება.

ზალკალიანის თქმით, საქართველო განაგრძობს ძალისხმევას და ორმხრივად მუშაობს ალიანსის ყველა წევრთან საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების ზრდისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა სათანადო მომენტისთვის მოამზადოს.

რუსული ოკუპაცია

ზალკალიანმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ სიტუაციას „ჰუმინატურლი კატასტროფა“ უწოდა და იქ მიმდინარე რუსულ ოკუპაციას შეეხო, რაც მოიცავს „ბორდერიზაციის უკანონო პროცესს, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აგებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ“.

„ადამიანებს იტაცებენ, ისინი უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან. იქ რიგითი მოქალაქეები იტანჯებიან. სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი ქართველი ექიმი გაიტაცეს და უკანონო პატიმრობა მიუსაჯეს“, – განაცხადა ზალკალიანმა, რომელსაც საუბრისას ვაჟა გაფრინდაშვილი ჰყავდა მხედველობაში.

თურქეთთან ურთიერთობები

თავის გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთის შესახებაც ისაუბრა და მას „შავი ზღვის რეგიონში მნიშვნელოვანი ქვეყანა“ უწოდა. მისი თქმით, საქართველოს „ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა“ აქვს თურქეთთან, რომელიც საქართველოს „ძალიან ძლიერი მოკავშირეა“. ზალკალიანმა აღნიშნა, რომ „თურქეთი განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს ნატოში მისწრაფებების“, ასევე მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

„ჩვენს ინტერესშია, რომ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების სტაბილიზაცია მოვახდინოთ, ნატოს ყველა წევრი სახელმწიფოსა და შავის ზღვის რეგიონის ზღვისპირა სახელმწიფოების ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით, ვინაიდან შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე, ევროატლანტიკური უსაფრთხოების სივრცის უსაფრთხოებაც არ იქნება“, – აღნიშნა მან.

ნატოს წევრებსა და მოკავშირეებს შორის სოლიდარობის მნიშვნელობაზე საუბრისას, ზალკალიანმა განაცხადა, რომ „თურქეთი ნამდვილად მნიშვნელოვანი მოთამაშეა რეგიონში“ და რომ თურქეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპული უსაფრთხოების გაძლიერებაში.

კონფერენციის შემდეგ, ზალკალიანმა განაცხადა: „ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო როგორც პარტნიორი ქვეყანა იმყოფება ლიდერების შეხვედრაზე ლონდონში“. „ეს არის ხაზგასმა ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობისა ნატოსთან და იმ პროგრესისა, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოში ინტეგრაციის გზაზე“, – დასძინა მანვე.

მისი თქმით, 2019 წელი „მართლაც უპრეცედენტო იყო საქართველო-ნატოს ურთიერთობებში. არასდროს ასეთ მაღალ ნიშნულზე ჩვენი ურთიერთობა არ ყოფილა“.

ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, ზალკალიანი გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპისა და ამერიკის საკითხებში კრისტოფერ პინჩერს შეხვდა.

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს შესახებ

მანამდე BBC-სთან ინტერვიუში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს შესახებაც ისაუბრა.

კითხვაზე შესთავაზებენ თუ არა წევრობას „პროგნოზირებად მომავალში“ საქართველოსა და უკრაინის მსგავს ქვეყნებს, რომელთაც რუსული ოკუპაციისგან ყველაზე მეტად იზარალეს, სტოლტენბერგმა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები და დასძინა, რომ „გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია“, თუმცა, „რაიმე კონკრეტულ ვადებს არ ვაწესებთ“.

„რაზეც ახლა ყურადღებას ვამახვილებთ არის ის, თუ როგორ დავეხმაროთ საქართველოსა და უკრაინას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სვლაში, რეფორმების განხორციელებაში, თავდაცვითი და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაში“, – განაცხადა მან.

სტოლტენბერგის თქმით, ახლა საქართველოში მეტი ნატოა, ვიდრე ოდესმე. აღნიშნა რა, რომ ნატო როგორც საქართველოსთან, ისე უკრაინასთან მუშაობს, გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ „სრულფასოვან წევრობასა და არაფერს შორის ბევრი რამაა“.

„ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის, რომ ვეხმარებით საქართველოსა და უკრაინას ნატოსკენ სვლაში, მეტ თანამშრომლობას ვთავაზობთ მათ. ეს კარგია საქართველოსთვის და უკრაინისთვის, მაგრამ ეს ასევე კარგია ნატოსთვის“, – დასძინა მანვე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button