ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე დეპუტატის მანდატს დატოვებს. ამის შესახებ აკაკი ზოიძემ დღეს განაცხადა.

გადაწყვეტილების შესახებ აკაკი ზოიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა და თქვა, რომ პოლიტიკური პროცესების „მკვეთრად პოლარიზებაში“ საკუთარ წილ პასუხისმგებლობას გრძნობს, რადგან მიუხედავად „გარკვეული რისკებისა“, 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კოლეგების დარწმუნება ვერ მოხერხდა. მისივე თქმით, ასევე ვერ მოხერხდა თანაგუნდელების დარწმუნება ამ საკითხზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე შესახებ.

„პოლიტიკა ჩემთვის ყოველთვის იყო მხოლოდ საშუალება მიზნის მისაღწევად – ანუ ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის სასიკეთო საქმეების საკეთებლად, ხოლო ნეგატიური პოლიტიკური დღის წესრიგის პირობებში პოზიტიური რეფორმების გატარება ჩემი აზრით, ნაკლებ სავარაუდოა. ჩემს ადგილს დღევანდელ საჯარო, პარტიულ პოლიტიკაში და შესაბამისად პარლამენტში ვეღარ ვხედავ“, – ნათქვამია ზოიძის განცხადებაში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომიტეტში აკაკი ზოიძის ადგილს სავარაუდოდ მისი პირველი მოადგილე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე დაიკავებს. ხუნდაძე ერთ-ერთი პირველი დეპუტატი იყო, რომელიც 14 ნოემბერს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის წინააღმდეგი გამოვიდა და ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

აკაკი ზოიძე პარლამენტში ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს სიით 2016 წელს შევიდა. იგი, დეპუტატ სოფიო ქაცარავას შემდეგ, ქართული ოცნების მეორე დეპუტატია, რომელმაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების გამო, საკანონმდებლო ორგანოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნის გამო, ქართული ოცნების კიდევ 11-მა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვა, თუმცა ისინი პარლამენტის წევრებად რჩებიან. დეპუტატების გასვლის მიუხედავად, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობას დაშლის საფრხე არ ემუქრება.

ოცნებიდან დეპუტატების გასვლა ჯერ გასული წლის ბოლოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გარშემო არსებულ უთანხმოებას, შემდგომ კი, მმართველი გუნდის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ 2019 წლის ზაფხულში ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button