skip to content
ახალი ამბები

TI „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გამო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ (TI), ბერლინში მდენარე არასამთავრობო ორგანიზაცია, „ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გამო, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას“.

30 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ორგანიზაციამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ „პატივი სცეს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლებას და იპოვოს კონსტრუქციული გზები, პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩასართავად“.

„საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეშფოთებას იწვევს. სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული აზრის დისკრედიტაციის მცდელობა, აზიანებს ჯანსაღი დემოკრატიის საფუძვლებს. ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს მუქარების გაგრძელება ჩვენი წარმომადგენლობის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” და სხვა სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავმჯდომარე დელია ფერეირა რუბიო.

განცხადების თანახმად, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ წარსულში უკვე განაცხადა საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ნიშნების არსებობის შესახებ. „საარჩევნო რეფორმის შეჩერება ასუსტებს ქართული დემოკრატიის ხარისხს და საფრთხეს უქმნისკორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორ კვირაზე მეტია, რაც თბილისში სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების პროტესტი მიმდინარებს. ისინი, მმართველი გუნდის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ თავისივე კონსტიტუციური კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ და ქართული ოცნებისგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ დადებული პირობის შესრულებას ითხოვენ.

მიუხედავად პროტესტისა, ოცნებაში აცხადებენ, რომ საარჩევნო სისტემა აღარ გადაიხედება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებული შერეული სისტემით ჩატარდება.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის 30 ნოემბერს გამართული შეხვედრა, რომლის ინიციატორიც დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო პარტნიორები იყვნენ და რომლის მიზანიც საარჩევნო სისტემის ცვლილების გარშემო კონსენსუსის მიღწევა იყო, უშედეგოდ დასრულდა.

ხუთშაბათს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა, მათ შორის საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო და მისი ხელმძღვანელი ეკა გიგაური და მათ ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგის განხორციელებაში დასდო ბრალი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button