skip to content
ახალი ამბები

თბილისში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია 18 სექტემბერს თბილისში გაიმართა. პრეზენტაციას ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

ქართული ოცნების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტს სრულად ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს და მისი სავარაუდო ბიუჯეტი 1 მილიარდი ევროა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, საუნივერსიტეტო სივრცე ქართველი და უცხოელი სტუდენტების მისაღებად მზად 2020 წლის სექტემბრისთვის იქნება.

პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან კოორდინაციით შემუშავდა. ამასთან, 18 სექტემბერის პრეზენტაციაზე ქუთაისის საერთაშორისო უნვერსიტეტისა და „იულიხის“ საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერეს ხელი.

პროექტის ავტორების ინფორმაციით, უნივერსიტეტი თანამედროვე ინფრასტუქტურითა და ტექნოლოგიებით აღიჭურვება და უნივერსიტეტში ქართველ პედაგოგებთან ერთად, უცხოეთიდან მოწვეული პროფესორებიც იმუშავებენ.

პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე სამი სასწავლო კორპუსი, ასევე სტუდენტებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის განკუთვნილი საერთო საცხოვრებლები და ბიბლიოთეკა აშენდება.

ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ, 18 სექტემბერს განცხადება ბიძინა ივანიშვილმაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ქვეყნისთვის სწორედ განათლება წარმოადგენს იმ მთავარ რესურსს, რომელსაც განვითარების სტრატეგია უნდა დაეფუძნოს“.

ქუთაისში საგანმანათლებლო სივრცის მშენებლობის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა პირველად 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დროს გააჟღერა. უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია კი 2016 წელს, ასევე საპარლამენტო არჩევნების პერიოდს დაემთხვა.

მას შემდეგ, უნივერსიტეტის მშენებლობის დაწყების თარიღი რამდენჯერმე გადაიდო. ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციით, ქუთაისის უნივერსიტეტს სტუდენტების პირველი ნაკადი უკვე 2019-2020 სასწავლო წლისთვის უნდა მიეღო. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევამდე რექტორის მოვალეობას განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე თემურ მურღულია ასრულებდა. უკვე ცნობილია, რომ ახალი უნივერსიტეტის რექტორი განათლების მინისტრის ასევე ყოფილი მოადგილე ალექსანდრე თევზაძე იქნება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button